აშშ-საქართველო

აშშ-მა საქართველოში სოფლის მეურნეობის ახალი 5-წლიანი პროექტისთვის $14.5 მილიონი გამოყო

KCCT

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სოფლის მეურნეობის 5-წლიანი პროგრამისთვის $14.5 მილიონი გამოყო, რომელიც ფერმერებს სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

პროგრამა 2019 წლის ივნისში დაიწყება და საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებზე იქნება მიმართული.

ახალი პროექტი საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, Land O`Lakes International Development-თან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიზანს ასევე წარმოადგენს, საქართველოს მასშტაბით, პროგრამაში ჩართული 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა.

პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი დაესწრნენ.

კომენტარები