ჭავჭავაძის რეაბილიტაცია

ჭავჭავაძის გამზირის ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთი დღეს საღამოდან დაიკეტება

თბილისის მერია

ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი დღეს საღამოდან დაიკეტება. მერია გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თქვა, დღეს საღამოდან გადაიკეტება ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთი. 

"ჩვენ გვინდა რომ მთლიანად მოხდეს ქუჩის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპი იქნება მიწისქვეშა კომუნიკაციები. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როდესაც ფუნდამენტურად ვახორციელებთ რეაბილიტაციას, იმიტომ რომ, მხოლოდ მოასფალტების განხორციელება არ შველის საქმეს და ეს არ არის გაკეთებული საქმე. შესაბამისად, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რამდენამ მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ სადაც შევდივართ სარეაბილიტაციო სამუშაოების კუთხით, იქ ფუნდამენტურად უნდა განვახორციელოთ ცვლილებები და ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს, როგორც საკანალიზაციო, სანიღვრე, წყალმომარაგება და ასე შემდეგ, ყველანაირი კომუნიკაციის ცვლილება უნდა მოხდეს. ჩვენ ამ მიმართულებით ჭავჭავაძის გამზირზე გვაქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და ალბათ თქვენც ატყობთ, როდესაც მანქანით გადაადგილდებით, არის კონკრეტული ადგილები, რომლებიც ჩავარდნილია, ხშირად ვარდება და საჭიროებს გადაუდებელ სამუშაოებს. იმის გამო, რომ კოლაფსი არ გამოვიწვიოთ ქალაქში მთლიანად ჭავჭავაძის გამზირს ვერ გადავკეტავდით, ამიტომ მოხდება ლოკაციების შერჩევა და გადაკეტვა კონკრეტული ადგილების," - თქვა კალაძემ. 

თბილისის მერი ამბობს, რომ პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარია და სამუშაოებს მერიის მიერ ჩამოყვანილი უცხოელი სპეციალისტები გაუწევენ ზედამხედველობას. 

"ამ პროექტის ფარგლებში გარე განათება, საფეხმავლო ბილიკები, ავტობუსების ზოლები მთლიანად იქნება შეცვლილი და მოწესრიგებული. მე დავავალე თბილსერვისის დირექტორს ლევან ჯღარკავას, რომ ნაგვის ურნები განთავსებული იყოს მიწის ქვემოთ, თუმცა ეს ბევრმა არასწორად გაიგო და წარმოდგენა ჰქონდათ, რომ მიწის ქვემოთ უნდა ეარათ ნაგვის გადასაყრელად. ეს ასე არ არის, თვითონ ნაგვის ურნები განთავსდება მიწის ქვემოთ, თქვენ როგორც ყრიდით ნაგავს ისევ ისე გადაყრით, უბრალოდ, მიწის ზემოთ ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული. ეს არ იქნება ღია , როგორც დღეს არის და პრობლემას წარმოადგენს როგორც ვიზუალის ისე ანტისანიტარიის თვალსაზრისით. ბუნკერები იქნება მიზის ქვემოთ, ზემოთ იქნება ისე მოწყობილი, რომ ჩვეულებრივად შეგეძლებათ ნარჩენების გადაყრა. ეს იქნება ასევე სეპარირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტენდენცია უნდა დაინერგოს მომავალი წლების განმავლობაში," - ამბობს თბილისის მერი. 

კახა კალაძე კალაძე მოსახლეობას ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვისთვის მოსახლეობას ბოდიშს უცდის და ამბობს, რომ დასრულების შემდეგ "ყველა ვიამაყებთ ამ განხორციელებული პროექტით."

რეაბილიტაციის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები. გადაადგილების ახალი მიმართულებები ნახეთ აქ

კომენტარები