ევროპული საქართველო

გვარამია ევროპულ საქართველოს: "სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა შავგულიძე" რა ვორდინგია?

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს, რომ ელენე ხოშტარიას მიერ ერთიანი ნაციონალური მმართველობის პერიოდის "სისტემად" მოხსენიება არასწორი იყო. 

ამის შესახებ გვარამიამ მას შემდეგ დაწერა, რაც ხოშტარიამ პლენარულ სხდომაზე შალვა შავგულიძეზე თქვა, რომ ის სისტემას ჯერ კიდევ მაშინ ებრძოდა, როდესაც ქართული ოცნების მოქმედი წევრები მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. 

გვარამიამ ხოშტარია Facebook პოსტში მონიშნა:

"სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა შავგულიძე, ეს რა ვორდინგია? ვინ იყო, უკაცრავად და, სისტემა (რეჟიმის კონოტაციით, იმიტომაც დამამახაოვრდა სიტყვა რეჟიმი, არაზუსტად)? ამ ქვეყნის საუკეთესო მთავრობა მთელი მისი ისტორიის მანძილზე? და ზურა ადეიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება, შეცდომების დამშვების, კი ბატონო, მაგრამ საუკეთესო საჯარო მოხელის საქართველოს ისტორიაში, ასევე ძალიან სამარცხვინო მგონია. მანდვე გიზით ადეიშვილისავე ყოფილი მოადგილე ოთო კახიძე და იმას კითხეთ, თუ არ გსმენიათ. ან გირგვლიანის საქმეზე რაღა ადეიშვილს მიახტით? ცოტა სხვაგან ხო არ იწყება ეგ ამბავი, შემთხვევით? არ ღირს არც მთაწმინდის და არც სხვა რომელიმე არჩევნები ისტორიის უსამართლო რევიზიად, ტეხავს და ქოცობაა,"- წერს გვარამია. 

28 მაისს პარლამენტის სესიაზე ქართული ოცნების დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა თავისი გამოსვლა მთლიანად საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის, კრიტიკას მიუძღვნა. კერძოდ, იმ ნაწილში, რომ შავგულიძე, როგორც სანდრო გირგვლიანის ადვოკატი, ევროპულ საქართველოს არ უნდა გაერთიანებოდა. 

მათიკაშვილის ამ ნათქვამს ევროპული საქართველოს ლიდერები გამოეხმაურნენ. დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ქართული ოცნების იმ წევრებს, რომლებიც შავგულიძეს მასთან ალიანსისთვის აკრიტიკებენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში მათი მღალი თანამდებობები შეახსენა

მათიკაშვილს ელენე ხოშტარიაც გამოეხმაურა და "ოცნების" წევრებს ჰკითხა, თუ სად იყვნენ ისინი, როდესაც შალვა შავგულიძე სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის ადვოკატირებით სისტემას ებრძოდა. 

"არჩევნები ქართული ოცნების ხელში გახდა მართლაც უსინდისობისა და უტიფრობის ტესტი, რომელიც მე არ ვიცი, მეც კი მრცხვენია, როდესაც რაღაცებს ვუსმენ იმიტომ, რომ არ ვიცი ამ ხალხს, რა ჰგონია, რომ დრო შლის ამ ყველაფერს, სიტყვები ჰაერში გაქრება, თუ რა. მე მაინტერესებს, მათიკაშვილ-ზარდიაშვილ, ეს რაღაც უბიოგრაფიო ან მძიმე ბიოგრაფიანი ადამიანები საერთოდ როგორ ბედავენ სანდრო გირგვლიანის ხსენებას? სად იყავით, თქვენ მართლა უნამუსოებო, როდესაც შალვა შავგულიძე რეალურად ებრძოდა სისტემას, ებრძოდა ქუჩაში, ებრძოდა პოლიციის წინააღმდეგ, ებრძოდა სტრასბურგში და მოუგო"- თქვა ხოშტარიამ სხდომაზე. 

9 ივნისს მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობისთვის საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" კანდიდატი შალვა შავგულიძე იბრძოლებს. ქართული ოცნებიდან მას ლადო კახაძე გაუწევს ოპონირებას. 

კომენტარები