შუალედური არჩევნების მეორე ტური

უგულავა: იოსელიან-ელისაშვილის მხარდაჭერა მათ თავად უფრო სჭირდებოდათ, ვიდრე შალვა შავგულიძეს

"სიმართლე გითხრათ იოსელიან-ელისაშვილის მხარდაჭერა უფრო მათ თავად სჭირდებოდათ, ვიდრე შალვა შავგულიძეს," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა სამოქალაქო მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატის ლევან იოსელიანის განცხადებას ეხმაურება, სადაც იოსელიანი ამბობს, რომ მეორე ტურში მხარს შალვა შავგულიძეს არ დაუჭერს. უგულავა ამბობს, რომ ამომრჩეველს გამბედავი კანდიდატი მოსწონს და არა თავის თავში ჩაკეტილი და საკუთარ თავზე შეყვარებული.

"მეტი დაფიქრება მართებს ელისაშვილ-იოსელიანს რატომ დაეცა მათი მხარდაჭერა 17-დან 6%-მდე. ამომრჩეველს გამბედავი კანდიდატი მოსწონს და არა თავის თავში ჩაკეტილი და საკუთარ თავზე შეყვარებული. შალვა შავგულიძეს ახალ პარტნიორებს უწუნებს ბატონი იოსელიანი (შესაბამისად ელისაშვილი). ეგ როგორ გამოდის ბიჭებო?! თქვენს მხარდაჭერას როცა გვთხოვდით ჩვენ, მაშინ მისაღები ვიყავით? როცა ბატონი ელისაშვილი მთაწინდაზე ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე საუბრობდა ( რატომღაც ერთიანი კანდიდატი ყველას მხოლოდ თავის თავი წარმოუდგენია მაშინ რატომ არ "ჰკითხა თავის ამომრჩეველს" ვუნდოდით ევროპული საქართველო პარტნიორად? ნაციონალებზე აღარაფერს ვამბობ - მათ გარეშე როგორ წარმოედგინათ მთაწმინდაზე ერთიანი ოპოზიციის კანდიდატობა?!. მოკლედ, სამწუხაროდ, ტყუილი და ფარისევლობაა ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, თუ ელისაშვილს არ ყოფნის გამბედაობა, მის ამომრჩეველს ნამდვილად ეყოფა, რადგან გამბედაობაა გამარჯვების საფუძველი," - წერს გიგი უგულავა. 

ლევან იოსელიანმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ მიუხედავად შალვა შავგულიძისადმი პატივისცემისა, მეორე ტურში მხარს არ დაუჭერს, რადგან შავგულიძემ თავისი პოლიტიკა დაუკავშირა ისეთ გუნდს, რომლის ხედვებიც, იოსელიანისთვის და მისი ამომრჩევლისთვის მიუღებელია. 

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურში ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება.

კომენტარები