ლარის გაუფასურება

კომერციულ ჯიხურებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, ბანკებში - 2.84 ლარი

კოლაჟი ტაბულა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს - ეროვნული ბანკის 29 მაისის ვაჭრობის შედეგი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება უკვე 2.80 ლარს აცდა. კომერციულ ჯიხურებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, ბანკებში - 2.84 ლარი.

რაც შეეხება ევროს, კომერციულ ჯიხურებში მისი შეძენა 3.14 ლარად შეგიძლიათ, ბანკებში კი, მისი ღირებულება 3.18 ლარია.

ლარი გუშინ ოფიციალური კურსითაც რეკორდულად გაუფასურდა. არსებობის ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული არასოდეს ყოფილა.

სამი თვეა, ლარს დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 11 თეთრით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით კი, 1 მარტის შემდეგ, ლარი 6 თეთრზე მეტით გაუფასურდა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ "რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის". მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას".

კომენტარები