ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გოცირიძე: უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში მისი დაბრუნების დაჩქარებას ნიშნავს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას ეხმაურება.

გოცირიძე ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სამართლიანად მოიქცა და ის სამართლიან სასამართლოს ააშენებს და არა - ოლიგარქიულს, როგორიც აქამდე იყო.

"რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოსთან დამოკიდებულებასა და ქვეყანაში დაბრუნებას, ეს ახალი ტკივილი გაჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის და უკვე დაიწყეს უგუნური განცხადებები. უკრაინის პრეზიდენტს ურჩევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო სამსახურში არ დაასაქმოს. ამით კიდევ ერთხელ თავს სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ,"- ამბობს გოცირიძე. 

გოცირიძისვე თქმით, უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში მისი დაბრუნების პროცესს დააჩქარებს. 

"თუ საჭირო გახდება, მიხეილ სააკაშვილი იქნება უკრაინის პოლიტიკაში ან ადმინისტრაციაში, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ, მაგრამ სააკაშვილის დაბრუნება, საქართველოში მისი დაბრუნების დაჩქარებას ნიშნავს,"- ამბობს გოცირიძე. 

რომან გოცირიძის ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქეობა 28 მაისს დაუბრუნა. სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას დღეს, 29 მაისს გეგმავს. მან კიევში გასამგზავრებელი ბილეთი უკვე იყიდა და Facebook-ზეც გამოაქვეყნა. 

ზელენსკიმ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებდა და როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს, ქვეყანაში პოლიტიკური მოღვაწეობის ნებას დართავდა. 

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, რა დროსაც, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა. 

10 სექტემბერს, მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან და უკრაინის ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკოსთან იულია ტიმოშენკოსთან ერთად გაარღვია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2018 წლის თებერვალში დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს და კიევიდან პოლონეთის მიმართულებით გაამგზავრეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები