სააკაშვილი უკრაინაში

ქანთარია: ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პუტინის თხოვნით აღუდგინა

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ვლადიმირ პუტინის თხოვნით აღუდგინა. 

ქანთარია ამბობს, რომ ზელენსკი ძალიან ნიჭიერია, თუმცა პოლიტიკური გამოცდილება აკლია და მალე თავად დაინახავს სააკაშვილი "ამრევად" ჩაიყვანა უკრაინაში თუ რამეში წაადგება. 

"პუტინმა გაუგზავნა ასეთი გზავნილი და სთხოვა, რომ იქნებ სააკაშვილს კარგი იქნება მოქალაქეობას თუ მისცემთო და ნუ, ლოგიკურად გამოვიდა, რომ მან მეორე დღესვე მიიღო ეს გადაწყვეტილება",- ამბობს ქანთარია.  

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ დაუბრუნა. სააკაშვილმა უკრაინის პასპორტი დღეს აიღო და უკრაინაში გაემგზავრა. 

ზელენსკიმ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებდა და როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს, ქვეყანაში პოლიტიკური მოღვაწეობის ნებას დართავდა

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, რა დროსაც, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა. 

10 სექტემბერს, მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან და უკრაინის ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკოსთან იულია ტიმოშენკოსთან ერთად გაარღვია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2018 წლის თებერვალში დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს და კიევიდან პოლონეთის მიმართულებით გაამგზავრეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები