ლარის გაუფასურება

გვენეტაძე: ეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი

ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ეკონომიკური სტაბილურობის ზრდისთვის ინფლაციის დონე ვალუტის კურსზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"ეკონომიკური სტაბილურობის ზრდისათვის მნიშვნელოვანი არის ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი. საქართველოში ინფლაცია არის ზომიერ ფარგლებში." - თქვა გვენეტაძემ 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კობა გვენეტაძემ იმაზეც ისაუბრა, თუ რატომაა ბოლო მონაცემებით ინფლაცია მოსალოდნელზე უფრო მაღალი. მისი თქმით, ამის მიზეზი "ეგზოგენური ფაქტორებია".

"ინფლაცია შედარებით უფრო მაღალია და წლიური მაჩვენებელი აპრილის მონაცემებით 4.1%-ს შეადგენს. მაგრამ ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ინფლაციაში არის ერთჯერადი ფაქტორების როლი. ეს არის აქციზის გავლენა, რომელიც 1.3%-ია. ამავე დროს ნავთობის ფასების ზრდაც მოხდა, რაც ასევე ეგზოგენური ფაქტორი არის, არამონეტარული ფაქტორი არის და როგორც წესი, ცენტრალური ბანკები, რომლებიც ინფლაციის ტარგეტირებას ახორციელებენ, ასეთ ფაქტორებზე რეაგირებას არ ახდენენ." - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აპრილში ინფლაციის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1% იყო.

ვალუტის კურსი კი გაუფასურებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება უკვე 2.80 ლარს აცდა. კომერციულ ჯიხურებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, ბანკებში - 2.84 ლარი.

რაც შეეხება ევროს, კომერციულ ჯიხურებში მისი შეძენა 3.14 ლარად შეგიძლიათ, ბანკებში კი, მისი ღირებულება 3.18 ლარია.

ლარი გუშინ ოფიციალური კურსითაც რეკორდულად გაუფასურდა. არსებობის ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული არასოდეს ყოფილა.

კობა გვენეტაძის თქმით, "სხვა თანაბარ პირობებში, ასეთ გაუფასურებას გამყარება მოჰყვება და ამის მაგალითი, თუ გადახედავთ ბოლო სამი წლის სტატისტიკურ ინფორმაციას რამდენიმე არის და თვალშისაცემია, რომ ასე ხდება ხოლმე."

კომენტარები