ფოთის ახალი პორტი

უგულავა ფოთის პორტზე: არავის ახსოვს, რომ ბახტაძემ კაფსულის ჩადებით და განსხვავებულით აღნიშნა

გიგი უგულავა
ტაბულა

"არავის გახსენებია, რომ რამდენიმე თვის წინ ეგ ღრმაწყლოვანი ამბავი ბახტაძემ კაფსულის ჩადებით და განახვავებული სასმისით აღნიშნა," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის შესაძლო მშენებლობას ეხმაურება და ამბობს, რომ გუშინ ქართული ოცნების პარტიის მესიჯბოქსი იყო, რომ 2 კი არა შესაძლოა 4 პორტიც დაგვჭირდეს. 

"ჯერ იყო და ფოთის მერიას გაავრცელებინეს - ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება. გუშინ საღამოს მესიჯბოქსი არ ქონდა უმრავლესობას. ამიტომ მიჰყვნენ ბოდვებს - ერთი კი არა სამი ღრმაწყლოვანი რატომ არ გვინდაო. ახლა თურნავამ გააუქმა და წარხოცა ფოთის ღრმა წყლები. ის კი არავის გახსენებია, რომ რამდენიმე თვის წინ ეგ ღრმაწყლოვანი ამბავი ბახტაძემ კაფსულის ჩადებით და განსხვავებული სასმისით აღნიშნა,"- წერს გიგი უგულავა. 

საპარამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია გუშინ პალიტრა ნიუსის ეთერში ამბობსა, რომ "არათუ ორი, შესაძლოა, სამი და მეოთხე პორტის დაგვჭირდეს ჩვენ საქართველოში."

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მთავრობამ არაფერი შეატყობინა და ამის შესახებ მათ მედიისგან შეიტყვეს. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2 მაიის facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია."

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია.  მისი თქმით, საკითხი შეთანხმებული მთავრობის არცერთ წევრთან, მისი ჩათვლით, არ ყოფილა.

კომენტარები