ფოთის ახალი პორტი

ჭიაბერაშვილი ფოთის პორტზე: მალულად გაცემული ნებართვის გაუქმება მდგომარეობას არ ამსუბუქებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე ნებართვის გაცემის ფაქტს Facebook-ზე ეხმაურება. 

ჭიაბერაშვილი წერს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას, მიერ "მალულად" გაცემული ნებართვის გაუქმება მდგომარეობას არ ამსუბუქებს. 

"ფოთის არსებული პორტისთვის მალულად გაცემული ნებართვის გაუქმება მდგომარეობას არ ამსუბუქებს. ეს კიდევ ერთხელ არწმუნებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციურ ინვესტორებს (და ზოგადად ყველას), რომ საქართველოს მთავრობა აზრზე არაა, რა უნდა და რისთვისაა ხელისუფლებაში. ეს ისეთი არაპროგნოზირებადობის იმიჯს სძენს ქვეყანას, რომ ზიანი დიდხანს გაგვყვება.

ივანიშვილის ყოველი დღე ხელსუფლებაში არის უდიდესი ზარალი ჩვენი ქვეყნისთვის,"- წერს ჭიაბერაშვილი. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მთავრობამ არაფერი შეატყობინა და ამის შესახებ მათ მედიისგან შეიტყვეს. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2 მაისს Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია."

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. მისი თქმით, საკითხი შეთანხმებული მთავრობის არცერთ წევრთან, მისი ჩათვლით, არ ყოფილა.

კომენტარები