ფოთის ახალი პორტი

გოცირიძე ფოთის პორტზე: მთავრობამ უკან დაიხია, კაკაურიძე განტევების ვაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე ფოთის პორტის მშენებლობის დაწყებაზე გაცემულ ნებართვას ეხმიანება. 

გოცირიძის თქმით, მთავრობამ ნებართვის უკან გაწვევით უკან დაიხია და ამ ამბავს, მისი თქმით, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. 

"მთავრობას ძალიან უხეშად გამოუვიდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდება. ამას მოყვებოდა ძალიან დიდი და სერიოზული საერთაშორისო რეზონანსი. წარმოუდგენელია, რომ ერთი თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა მინისტრს და არ სცოდნოდათ მთავრობაში. მოხსნეს უდანაშაულო ადამიანი, ვინმე კაკაურიძე. ჯოხი მასზე გადაატეხეს. როგორც ამბობენ, არის პროფესიონალი და წესიერი კაცი და კეთილი ინებოს, გამოცხადდეს და მოახსენოს პარლამენტში, თუ რა მოხდა, რატომ არის ასე ვთქვათ, განტევების ვაცად გადაქცეული და რატომ შეახოცეს მას ხელი. ანაკლიის პროექტის ჩაგდება იყო სწორედ, აი, ამ მექანიზმით გათვალისწინებული," - ამბობს რომან გოცირიძე.

დეპუტატის თქმით, ფოთში არავითარი პორტის აშენებას არ გეგმავდნენ.

"ანაკლიის პროექტი დაწყებულია და 2 წელიწადში იგი დამთავრდება, თუკი მთავრობამ ხელი არ შეუშალა, ხოლო ფოთის ახალი პორტის მშენებლობას დასჭირდებოდა მრავალი წელი და მითუმეტეს, ანაკლიის პორტის შემდეგ, ფოთის მსგავს პროექტს არავითარი აზრი არ აქვს,"- ამბობს გოცირიძე ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მთავრობამ არაფერი შეატყობინა და ამის შესახებ მათ მედიისგან შეიტყვეს. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2 მაისს Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია."

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. მისი თქმით, საკითხი შეთანხმებული მთავრობის არცერთ წევრთან, მისი ჩათვლით, არ ყოფილა.

კომენტარები