რუსეთი

რუსეთის კომუნისტური პარტია GOT-ისგან ბოდიშის მოხდას და ფინალის თავიდან გადაღებას ითხოვს

HBO / Wikicommons / MT

რუსეთში სერიალ სამეფო კარის თამაშების ფინალით უკმაყოფილო კომუნისტური პარტია დასკვნითი სერიის ხელახლა გადაღებას ითხოვს. ამის შესახებ კომუნისტურმა პარტიამ HBO-სა და შოუს პროდიუსერებს ოფიციალური ღია წერილით Facebook-ზე მიმართა.

"ჩვენ სერიალის შემქმნელებისგან სასწრაფოდ ბოდიშის მოხდას და ახალი რეჟისორებითა და სცენარისტებით სეზონის ფინალის ხელახალ გადაღებას ვითხოვთ," - აღნიშნავენ რუსი კომუნისტები.

პარტიის წევრების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სერიალზე "კოლოსალური ფინანსური და ადამიანური რესურსი დაიხარჯა", პროდიუსერებმა სერიალის უკანასკნელი სეზონის გადაღებისას გულშემატკივრებს ყური არ დაუგდეს და შედეგად, ცუდი სცენარი, თამაში, და ლოგიკური შედეგების ნაკლებობა მიიღეს.

რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრები ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ სერიალის პერსონაჟ ღამის მეფის სახის არასრულ ჩვენებაზე, დეინერისისა და ჯონ სნოუს ბედზე და ა.შ.

"ჩვენს პარტიაში ამ შესანიშნავ სერიალს უამრავი გულწრფელი გულშემატკივარი ჰყავს, რადგან ეს აჩვენებს თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია მონარქიულ რეჟიმებს," - აღნიშნა კომუნისტური პარტიის რუსეთის ალტაის რესპუბლიკის რეგიონალური კომიტეტის პირველმა მდივანმა სერგეი მატასოვმა.

"მილიონობით გულშემატკივარს იმედი გაუცრუა და სავარაუდოდ, მიითვისეს შოუსთვის გამოყოფილი თანხა, რაც რიგითი ამერიკელი მუშისა და ჩაგრული აფრო-ამერიკელების გადასახადებიდან ჰქონდათ მიღებული," - ვკითხულობთ წერილში.

რუსი კომუნისტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ს კომუნისტური პარტიაც უნდა ჩაერთოს ამ საქმეში.

კომენტარები