ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

კალაძე ჭავჭავაძის გადაკეტვაზე: ყველამ უნდა შევიწუხოთ თავი, თქვენი თანადგომის იმედი მაქვს

ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო - გზა ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში უკვე გადაიკეტა. ადგილზე მისულმა თბილისის მერმა მოსახლეობას დისკომფორტის გამო Facebook LIVE-თი მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ "შეზღუდვების გარეშე შეუძლებელია უბრალოდ, სამუშაოების წარმოება". მისი თქმით, "მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ რაც გასაკეთებელია, ყველამ ცოტათი უნდა შევიწუხოთ თავი, მაგრამ უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის და თანადგომის იმედი". 

კახა კალაძის თქმით, პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციას. 

"ეს გულისხმობს წყალარინების, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემის გამართვას. ასევე, ელექტროსადენები, რომლებიც ჰაერშია გადმოკიდებული, ჩავა მიწის ქვემოთ. კომუნიკაცია, განვითარებული ქალაქების მსგავსად, მთლიანად მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი იქნება. პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ რეალურად არავის იცის, მიწის ქვეშ არსებული ქსელის მდგომარეობა. ერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ ძალიან დაზიანებულია, რადგან გზა გარკვეულ მონაკვეთებზე ვარდება და მიწა ირეცხება. როგორც გვეუბნებიან, მილები, რომლებიც უნდა გამოიცვალოს, განთავსებულია 8 მეტრის სიღრმეზე“, - ამბობს კალაძე. 


ფოტო: თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციებს  შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) შეცვლის - მას ამისთვის 3-თვიანი ვადა აქვს. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება. მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო არეალში, რომელიც 2.5 კილომეტრს მოიცავს, შეიცვლება სანიაღვრე ქსელი, 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, ხოლო ტროტუარი მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით.

"საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის; გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა; დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ხოლო ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. რაც შეეხება ნაგავშემკრებ კონტეინერებს, ისინი პირველად განთავსდება მიწისქვეშ" - აცხადებს მერია და აღნიშნავს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.   

წაიკითხეთ დეტალურად, როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში.

კომენტარები