სააკაშვილის ექსტრადირება

პროკურატურა: სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები დაწყებულია, გრძელდება და არ შეწყვეტილა

www.facebook.com/SaakashviliMikheil/

საქართველოს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები დაწყებული აქვს, ეს სამართლებრივი პროცედურები გრძელდება და არ შეწყვეტილა- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხი მის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნაზე გავლენას ვერ მოახდენს.

"მისი მოქალაქეობის საკითხის, მოქალაქეობის დაკარგვა ან მისი აღდგენა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნასა და საექსტრადიციო პროცედურებზე. მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია ქართული სასამართლოს მიერ. მას მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და პასუხისმგებლობის დაკისრება იმ დანაშაულებისთვის, რომლისთვისაც უკვე არის გასამართლებული. კერძოდ, იგი მსჯავრდებული არის სანდრო გირგვლიანის საქმეზე, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ხოლო ბრალდებულია და სასამართლო განხილვები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე და 7 ნოემბრისა და ტელეიმედის დარბევის საქმეებზე",- აცხადებენ პროკურატურაში. 

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ექსპრეზიდენტს და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 28 მაისს დაუბრუნა. სააკაშვილი კიევში მეორე დღესვე ჩაფრინდა. 

კომენტარები