ანაკლიის პორტი

კონსორციუმის დირექტორი: ზიანდება ჩვენი ინვესტორების ნდობა მთავრობის მიმართ

ლევან ახვლედიანი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საერთაშორისო ინვესტორების ნდობას უქმნიან საფრთხეს.

ახვლედიანის თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ მსგავს წინაღობებს მომავალშიც არ ექნება ადგილი, ინვესტორები კი გუშინ საღამოს შეშფოთებულები ცდილობნენ საქმეში გარკვევას.

"მინდა აღვნიშნო, რომ ამ ქმედებებმა, რომელიც მოხდა [ნებართვის] გაცემის კუთხით, გამოიწვია შემდეგი, რომ დადგა ნდობის მომენტი. გაჩნდა ეჭვი, რომ რითი ვართ გარანტირებული, რომ ამგვარი რაღაცები არ მოხდება მომავალში. ჩვენ გვირეკავდნენ გუშინ საღამოს და გვიან ღამით ჩვენი პარტნიორები, ბანკები, ჩვენი ოპერატორი, გამოთქვამდნენ დიდ შეშფოთებას და იყვნენ შოკირებული იმით, რაც მოხდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ნებართვა გაიცა ორ მაისს და 21 მაისს, როცა შედგა მოლაპარაკების შეხვედრა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთოდ არაფერი არ თქმულა. ეს აყენებს ნდობის მომენტს და აზიანებს ნდობას ჩვენი ინვესტორების როგორც მთავრობის მიმართ, ისე პროცესის მიმართ. ყველაფერი უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ეს ნდობა აღადგინოს და პროცესები დაუბრუნდეს კონსტრუქციულ მოლაპარაკების რეჟიმს." - ამბობს კონსორციუმის გენერალური დირექტორი.

ახვლედიანი აგრეთვე საუბრობს კონსორციუმის ვალდებულებებზე. მისი განცხადებით, კონსორციუმი წარსულში მუდამ პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს და მომავალშიც ასე გააგრძელებს:

"ჩვენ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, ჩვენი გუნდი, ჩვენი აქციონერები, ყოველთვის ვასრულებდით და ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს ზედმიწევნით. რაც შეეხება მომავალ ვალდებულებებს, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს მომავალი ვალდებულებებიც პირნათლად შევასრულოთ. თუმცა ამისთვის უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, რაც დამოკიდებულია მთავრობასა და ბანკებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზე."

შეგახსენებთ, რომ რომ 29 მაისს "APM ტერმინალსმა" გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. 30 მაისს მთავრობამ უკან დაიხია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვა შეჩერებულია.

კომენტარები