ანაკლიის პორტი

ჭიაბერაშვილი: ივანიშვილს და ჩხარტიშვილს ღრმად აქვთ გადგმული ფესვები ბიუროკრატიაში

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ანაკლიის და ფოთის პორტების საქმეში ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის ინტერესები იკვეთება.

"ვფიქრობ, რომ ვანო ჩხარტიშვილი უშუალოდ არის დაკავშირებული ფოთის პორტის ამბებთან და ის არსებული ფოთის პორტის გაფართოებას ლობირებს."

ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა 30 მაისს უთხრა ტაბულას.

"თავიდანვე, როდესაც კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლის შესახებ საზოგადოება ალაპარაკდა, რეალურ მოტივად დასახელდა ის უთანხმოება, რაც მთავრობაში არსებობდა ვანო ჩხარტიშვილის დაჯგუფებასა და იმ ხალხს შორის, ვისაც მიაჩნდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა შედგეს და განხორციელდეს. როგორც მომდევნო მოვლენებმა გვაჩვენა, როგორც კვირიკაშვილის წასვლამ ხელისუფლებიდან, ისე მამუკა ხაზარაძის, ანუ ანაკლიის კონსორციუმის თავს გადახდენილმა მოვლენებმა კარგად აჩვენა, რომ მართლაც, ბიძინა ივანიშვილმა მხარი დაუჭირა ჩხარტიშვილს და მხარი დაუჭირა იმ ადამიანებს, რომლებიც ლობირებენ ფოთის პორტს." - ამბობს დეპუტატი.

ჭიაბერაშვილის თქმით, ფოთის პორტისთვის ნებართვის გაცემა ბიუროკრატიის დაბალ საფეხურზე დაშვებული ტექნიკური შეცდომა არ ყოფილა და მის უკან ბიძინა ივანიშვილი და ივანე ჩხარტიშვილი დგანან:

"შესაბამისად, ეს ბოლო ეპიზოდიც გაგრძელებაა ამ ისტორიის და კარგად აჩვენებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს რომელიღაცა ქვეუწყების ხელმძღვანელის დონეზე დაშვებული ტექნიკური შეცდომა ეს არ არის. აქ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის და ვანო ჩხარტიშვილის კლანს ღრმად აქვთ ფესვები გადგმული ბიუროკრატიაში."

შეგახსენებთ, რომ რომ 29 მაისს "APM ტერმინალსმა" გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. 30 მაისს მთავრობამ უკან დაიხია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფოთის პორტისთვის "მიწათსარგებლობის წინასაწარი სარგებლობის დოკუმენტი" გაიცა და ის უკვე გაუქმებულია.

კომენტარები