საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოს და თამარ ჟვანიას მოუსმენს

ტაბულა

დღეს საქართველოს პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენს. პლენარული სხდომა 12:00-ზე დაიწყება.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს კითხვები ევროპულმა საქართველომ გაუგზავნა. ბახტაძემ პასუხი უნდა გასცეს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დაზუსტების საკითხზე, ახალ საბანკო რეგულაციებზე, TBC ბანკის საქმეზე. 

თამარ ჟვანია პარლამენტში ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ დაიბარა. მათ კითხვაა, რა რეაგირებას ახდენს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებზე.

დავით სერგეენკო კი, ფრაქცია ქართულმა ოცნებამ, სოციალური დახმარებების განაწილებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხთან დაკავშირებით მიიწვია.

ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ახალ მექანიზმია. რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს მიმართოს კონკრეტული შეკითხვით. შეკითხვის ადრესტი კი, ვალდებულია, შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება წელიწადში ოთხჯერ - მარტის, მაისის, სექტემბრისა და ნოემბრის პლენარული სხდომების ბოლო პარასკევს.

კომენტარები