სექსუალური შევიწროება

ელენ დეჯენირისის თქმით, თინეიჯერობის დროს მამინაცვალი სექსუალურად ავიწროებდა

cbsnews.com

ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერისმა დევიდ ლეტერმანთან ნეტფლიქსის შოუში თავის თინეიჯერობასა და მამინაცვალთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მამინაცვალი სექსუალურად ავიწროებდა, მას შემდეგ რაც დედამისს ძუძუს კიბო დაუდგინეს და ძუძუ მოკვეთეს.

"როდესაც დედა ქალაქ გარეთ იყო, მან [მამინაცვალმა] მითხრა, რომ დედას ძუძუში კვანძი იგრძნო და ახლა უნდოდა, რომ ჩემი შეემოწმებინა. მან დამარწმუნა, რომ საჭირო იყო ეგრძნო ჩემი ძუძუები, შემდეგ ცდილობდა ეს ექნა სხვა დროსაც", - თქვა ელენ დეჯენერისმა.

ტელეწამყვანის თქმით, მამინაცვალი ხშირად ცდილობდა რომ ღამით მის ოთახში შეპარულიყო.

"მე ჩემს თავზე გაბრაზებული ვარ, რადგან 15 ან 16 წლის ასაკში არ აღმომაჩნდა ძალა რომ ხმა ამომეღო", - თქვა ელენ დეჯენერისმა.

მამინაცვლის ქცევების შესახებ ტელეწამყვანმა დედას რამდენიმე წლის შემდეგ უთხრა, თუმცა ამის შესახებ დედამ არ დაიჯერა და კაცთან ქორწინებაში კიდევ 18 წელს დარჩა.

"ქალები არ ვგრძნობთ რომ ღირებულები ვართ, ასევე გვეშინია რომ ხმა ამოვიღოთ და ვთქვათ არა. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვთვლი რომ ამაზე საუბარი მნიშვნელოვანია. როდესაც ვისმენ ხალხის საუბარს, ვბრაზდები რომ მსხვერპლ ქალებს ხშირად არ უჯერებენ", - თქვა ელენ დეჯენერისმა.

კომენტარები