პროკურატურა

უკრაინაში კობერიძის საქმეზე ბრალდებული და საქართველოში ძებნილი გიორგი სამუშია დააკავეს

Imedinews.ge

პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის სამართალდამცავებმა საქართველოში ძებნილად გამოცხადებული პირი გიორგი სამუშია დააკავეს. 

პროკურატურა წერს, რომ ეს ინფორმაცია მათ ინტერპოლის ეროვნული ცენტრის ბიუროსგან მიიღეს. 

სამუშიას ორგანიზებული ჯგუფის მიერ ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება ბრალი. ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში დათა ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა არიან მიცემულები. 

"2012 წლის 28 ივლისს შს სამინისტროს სამეგრეელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელმა, გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას და რომან შამათავას დავალებით, ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ელბერდ კობერიძეს, ხელბორკილებით და სახეზე ნიღაბჩამოცმული გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ზემოთ ხსენებული ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ერთობლივი განზრახვით დაგეგმილი იყო წამების გზით კობერიძისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებითი ჩვენების მიღება. 

ამ მოთხოვნით, დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და ცემეს ელბერდ კობერიძე. წამების დროს არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი. ელბერდ კობერიძე იმდენად სასტიკად აწამეს, რომ მან გონება დაკარგა და უმწეო მდგომარეობაში, სასტიკად ნაწამები იმყოფებოდა 10 დღის განმავლობაში. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე რიგითი თანამშრომლების თხოვნით, რის შემდეგაც ელბერდ კობერიძე გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება,"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამუშიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2015 წლის 11 დეკემბერს დაიწყო და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა საპატიმრო 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე სამუშიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა, გირაო შეუფარდა და დამატებითი ღონისძების სახედ, პასპორტის ჩამორთმევა განესაზღვრა. 

"სამუშიამ მოტყუებით, თითქოსდა დაკარგა პასპორტი, საჯარო რეესტრში მოითხოვა ახალი პასპორტის დამზადება, რომლის გამოყენებითაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, რის გამოც მის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. სამუშიასთან ერთად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და წამების საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდების საქმე წარმართულია სასამართლოში და მიმდინარეობს არსებითი განხილვა,"- წერია განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობითვე, საქართველოს გენერალური პროკურატურა შესაბამისი საერთაშრისო ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში უკრაინის გენერალურ პროკურატურას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართავს.

კომენტარები