ეკონომიკური ზრდა

აპრილში ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის აპრილში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 5.1%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2019 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ზრდა 4.8%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, აპრილში გაიზარდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგები, მშენებლობის დარგში კი კლება შეინიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს და 2019 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ თანაბრად, 4.7%-ით გაიზარდა. 2019 წლის იანვარში ზრდა 3.5% იყო, თებერვალში 4.6%, მარტში კი 6%.

მთავრობის და EBRD-ს პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი 2019 წელს 4.5%-ით გაიზრდება.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა, როცა მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა. 2017 წელს მშპ 4.8%-ით გაიზარდა.

კომენტარები