ფოთის ნავსადგური

თურნავა ღრმაწყლოვან პორტზე: კითხვები დამებადა და შიდა მოკვლევის განკარგულება გავეცი

0 კომენტარი

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით დოკუმენტის გაცემაზე კითხვები მასაც აქვს და ამაზე შიდა მოკვლევა დაიწყო.

ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში მისვლის შემდეგ, რუსთავი 2-თან თქვა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დოკუმენტი სამშენებლო ნებართვა არ იყო.

"გაცემული დოკუმენტი, რომელიც უკვე გაუქმდა, არ იყო სამშენებლო ნებართვა. შესაბამისად, პროექტის დაწყებაზე, მშენებლობის დაწყებაზე ვერ იქნებოდა ვერანაირად საუბარი. ეს იყო წინარე დოკუმენტი, რომელიც ამასთან ერთად, დარღვევით იყო გაცემული და უკვე გაუქმებულია. ჩემთან არ ყოფილა შეთანხმებული. იგივე კითხვები დამებადა, დღეს მივეცი განკარგულება და შიდა მოკვლევა ამ საკითხზე მიმდინარეობს, თუ რატომ მოხდა ისე, რომ ამდენად მნიშვნელოვანი პროექტთან მიმართებაში, თუმცა არც ისე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, წინარე მოხმარების დოკუმენტი გაიცა ისე, რომ მინისტრი არ იყო საქმის კურსში", - თქვა მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავა ამბობს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის შეშფოთება უსაფუძვლოა, ხოლო მათი რეაქცია არაადეკვატური.

"დოკუმენტი არ იყო სამშენებლო ნებართვა. აშკარად გადაჭარბებულია რეაქცია, რაც ინვესტორმა ამის ირგვლივ აჟიოტაჟი ატეხა. ესეც აზიანებს ანაკლიის პროექტს. აშკარად არაადეკვატური იყო ეს რეაქცია იმ დოკუმენტის სტატუსიდან და მნიშვნელობიდან [გამომდინარე], რაც მას რეალურად ჰქონდა. [კონსორციუმის შეშფოთება] უსაფუძვლოა, რადგან რამდენჯერმე ითქვა, რომ ეს იყო სამშენებლო ნებართვა. ეს არ ყოფილა სამშენებლო ნებართვა", - ამბობს თურნავა.

ფოთის პორტში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ინტერესებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ეკონომიკის მინისტრი ასე პასუხობს:

"იმდენი სახელი და გვარი მოვისმინე მე გუშინ, რომელიც თითქოსდა ფიგურირებს ამ ფოთის ინტერესების უკან, იმდენი ვინმეს სახელი და გვარი, რომ ვფიქრობ თვითონ APN ტერმინალი, ეს გლობალური კომპანია, რომელიც ფოთში ოპერირებს, ძალიან გაკვირვებული დარჩა, თურმე რამდენი პარტნიორი ჰყოლია საქართველოში".

შეგახსენებთ, 29 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაამტკიცა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, "პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია."

ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. კონსორციუმის ცნობით, მთავრობამ მათ დაუმალა, რომ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა. 

30 მაისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააუქმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანება, რომელიც ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს ამტკიცებდა. მისი თქმით, საკითხი შეთანხმებული მთავრობის არცერთ წევრთან, მისი ჩათვლით, არ ყოფილა და თანამდებობიდან გაათავისუფლა სააგენტოს უფროსი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები