ნანა კოსტავა

კალაძე: ნანა კოსტავას განცხადებები მიუღებელია, მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა

თბილისის მერის კახა კალაძე ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის ნანა კოსტავას განცხადებას "ძალიან მძიმეს" უწოდებს. მისი თქმით, კოსტავას ბოდიშის მოხდა აუცილებლად მოუწევს.

"ეს მისაღები არავისთვის არ არის და საღად მოაზროვნე ადამიანი ამას ნორმალურად არ აღიქვამს და არ მიიღებს, რა თქმა უნდა. ეს ძალიან მძიმე იყო. ზოგადად, სიძულვილის ენა სერიოზული პრობლემაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ, პირველ რიგში, პოლიტიკოსებმა, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, ხალხს დავანახოთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია სიძულვილის ენა. შესაბამისად, ამ ადამიანის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა" - ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატმა 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის, ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. 

ნანა კოსტავას ქუთაისში მოქმედი მედიის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდეს. ოცნების დეპუტატის გადაყენების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.

ამის შემდეგ, 31 მაისის სხდომაზე, ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს, თუმცა, ის კვლავ რჩება საკრებულოს და ფრაქციის წევრად.

აღსანიშნავია, რომ ნანა კოსტავა ასევე ნიშნის მოგებით წერდა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შესახებაც. 2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც გუშინ. 

"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა კოსტავა.

კომენტარები