ევროპული საქართველო

ჭიაბერაშვილი: უმუშევრობის დონემ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე იკლო

parliament.ge

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები საქართველოში უმუშევრობის შემცირებასთან დაკავშირებით პროცენტულად თუმცა მართალია, მაგრამ ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შემცირდა. 

ამის შესახებ ჭიაებერაშვილი Facebook-ზე წერს და შესაბამის მონაცემებსაც ურთავს თან, სადაც ჩანს, რომ არამხოლოდ უმუშევართა რაოდენობა, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისა და დასაქმებულთა რიცხვიც შემცირდა. 

"ქართული ოცნების მხარდამჭერი ან წევრი იტყვის, რომ საქართველოში უმუშევრობა შემცირდა. პროცენტულად ასეცაა, მაგრამ სინამდვილეში შემცირდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, რადგან ხალხი ქვეყნიდან გადის ან იმედს კარგავს, რომ სამუშაოს იპოვის და ხელი აქვს ჩაქნეული. აქედან გამომდინარე დადო საქსტატმა უმუშევრობის შემცირებული პროცენტი, მაგრამ თუ დასაქმებულთა რიცხვს შევხედავთ, იგი განუხრელად იკლებს" - წერს ჭიაბერაშვილი. 



30 მაისს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სიღარიბის განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქსტატის მიხედვით, 2018 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 20.1% ცხოვრობდა.

ამავდროულად, სიღარიბის აბსოლუტურ მაჩვენებელს ქვემოთ მეტი იყო სოფლად (23.1%), ვიდრე ქალაქად (18%).

2017 წლის მონაცემებით, იგივე მაჩვენებელი ეროვნულ დონეზე 21.9% იყო. 2017 წელს სოფლად აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 26.6% ცხოვრობდა, ქალაქად კი 18.6%.

ამასთან, მედიანური მოხმარების 60%-ს ქვემოთ მოსახლეობის 20.5% იყო, მედიანური მოხმარების 40%-ს ქვემოთ კი 7.6% პროცენტი.

საქსტატის სიღარიბის აბსოლუტურ მაჩვენებელს 2015 წლიდან გამოითვლის მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით.

კომენტარები