ჩრდილოეთ კორეა

სამხრ. კორეული მედია: ჩრდ. კორეამ აშშ-სთან სამიტის ჩაშლის გამო დესპანი სიკვდილით დასაჯა

კიმ იონ-ჩოლი / კიმ ჰიოკ ჩოლი
AP

სამხრეთ კორეული გაზეთის ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეამ აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებებში მათი დესპანი კიმ ჰიოკ ჩოლი და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ 4 წარმომადგენელი კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის უშედეგოდ დასრულებული სამიტის შემდეგ სიკვდილით დასაჯა.

მათი ინფორმაციის სიკვდილით დასჯა ფხენიანის აეროპორტში მარტში მოხდა. მათ ბრალად აშშ-სათვის ჯაშუშობა დასდეს.

ამავე წყაროს მიხედვით გენერალი კიმ იონ-ჩოლი, რომელიც სინგაპურის სამიტის დაგეგმვაშიც მონაწილეობდა შრომით-გამოსასწორებელ ბანაკში გადაიყვანეს.

72 წლის გენერალს სამხრეთ კორეა 2014 წელს Sony Pictures-ზე კიბერთავდასხმაში და 2010 წელს სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვაში ადანაშაულებს, რასაც 46 მეზღვაური ემსხვერპლა. ამ ინციდენტების გამო აშშ-მა პერსონალურად მას სანქციები 2010 და 2015 წლებში დაუწესა. კიმ იონ-ჩოლი სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზეც იმყოფებოდა, რომელსაც დაესწრო დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპიც.

აშშ-ის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობენ.

Reuters-ის წყაროს მიხედვით კიმ ჰიოკ ჩოლი და სხვა ოფიციალური პირები სამიტის შემდეგ დასაჯეს, რაც შესაძლოა შრომით ბანაკში გაგზავნაში გამოიხატა.

აღსანიშნავია, რომ ისინი სამიტის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილან.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტი ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში თებერვალში გაიმართა. მხარეებს ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების გეგმა უნდა შეემუშავებინათ, თუმცა სამიტი უშედეგოდ დასრულდა. ტრამპის თქმით ჩრდილოეთ კორეამ მათთვის დაწესებული სანქციების სრული მოხსნა მოითხოვა. მისი თქმით ამისათვის ჩრდილოეთ კორეას საკმარისი პროგრესი არ უჩვენებია.

კომენტარები