ბრექსითი

ელტონ ჯონი: მე ევროპელი ვარ და არა სულელი, კოლონიალისტი ინგლისელი

ელტონ ჯონი

ბრიტანელმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა ოთხშაბათს ვერონაში ჩატარებულ კონცერტზე ბრექსითის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მას რცხვენია დიდი ბრიტანეთის ბრექსითისთვის მხარის დაჭერის გამო.

"მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის იმის გამო, რაც გააკეთა. ამან ხალხი დაანაწევრა, სიკვდილამდე დაღლილი ვარ პოლიტიკოსებით, განსაკუთრებით ბრიტანელი პოლიტიკოსებით. სიკვდილამდე მაწუხებს ბრექსიტი. მე ევროპელი ვარ, არ ვარ სულელი, კოლონიალისტი და იმპერიალისტი ინგლისელი", - თქვა ელტონ ჯონმა.

ეს არ არის პირველი კომენტარი, რომელიც მომღერალმა ბრექსითის შესახებ გააკეთა. მან ამასთან დაკავშირებით 2018 წლის ივლისშიც ისაუბრა და თქვა, რომ თავისი ქვეყნით იმედგაცრუებულია.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს. ტერეზა მეიმ პრემიერმინისტრის პოსტი გასულ კვირას დატოვა. მისი შემცვლელის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები