ანაკლიის პორტი

ბახტაძე ანაკლიის პორტზე: არარსებულ ბარიერებზე საუბარი შედეგს არავის არ მოუტანს

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ამბობს, რომ "არარსებულ ბარიერებზე საუბარი შედეგს არავის არ მოუტანს". ის ფიქრობს, რომ "მგონი, საზოგადოებაც დაიღალა სხვადასხვა ტიპის კონსპირაციის თეორიების მოსმენით". პრემიერის მტკიცებით, ანაკლიის პორტის პროექტს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

"ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ 300 მილიონის ინვესტირებას გავაკეთებთ ინფრასტრუქტურაში. ჩვენ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარად გამოვისყიდეთ ჩვენი მოქალაქეებისგან მიწები, რომელიც გადაეცა და გადაეცემა კონსორციუმს, ავიღეთ ასი მილიონი დოლარის ინვესტიციის ვალდებულება, რომ მოხდეს თანადაფინანსება ამ პორტის, მივიღეთ მონაწილეობა და დავეხმარეთ კონსორციუმს, რომ ყველა წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს ჰქონოდა თავის პრიორიტეტულ ნუსხაში, ამის შემდეგ ჩნდება ობიექტური კითხვა - როცა სახელმწიფო ინსტიტუტებისგან არის ასეთი მხარდაჭერა, რა რჩება იმისთვის, რომ მოხდეს სტრატეგიული პროექტის რეალიზაცია? რჩება ძალიან მარტივი რაღაც - კერძო კომპანიების მხარეს არსებული ვალდებულებების შესრულება. კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო ჩვენი სრული მხარდაჭერა ანაკლიის პორტის მიმართ, მე მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ამ პროექტს ჩვენთვის აქვს სტრატეგიული ხასიათი, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, იყოს ფოკუსირებული შედეგებზე, საქმეზე და არა სხვადასხვა ტიპის თეორიების შექმნაზე" - თქვა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში, საპარლამენტო მოსმენის შემდეგ.

მისივე მტკიცებით, ფოთის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, არავითარი ნებართვა არ გაცემულა.

"ნუ შეგყავთ საზოგადოება, ეს არ იყო ნებართვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიპს შესაძლოა ჰქონდა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტის გაცემის საშუალება, ის არ შეთანხმდა მინისტრთან და ის იყო სამართლებრივად ხარვეზიანი, ამიტომაც, მოხდა მისი გაუქმება, ნებართვას რომ ამბობთ, ნებართვამდე საქმე ვერც მივიდოდა, დოკუმენტის შინაარსში გავერკვიოთ ჯერ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია" - ამბობს ბახტაძე და აღნიშნავს, რომ მთავრობა თავის პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს.

"ნებისმიერი ტიპის საქმე და ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, არის შედეგზე ორიენტირებული, თუ ვინმეს სურს პოლიტიკურ პროცესზე ორიენტირება, ეს სხვა საქმე და ამოცანაა. ვალდებულებები, რაც ჩვენ ავიღეთ, პირნათლად შევასრულეთ, მინდა მოვუწოდო კონსორციუმს, მათაც შეასრულონ პირნათლად. ჩვენს უწყებებს აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და იციან, რომ არსებობს ერთი საკითხი - კომერციული რისკის დაზღვევა, ე.წ ტრაფიკის გარანტია. ეს არის გადასახადების გადამხდელის ფული. კომერციული რისკის დაზღვევა ბიუჯეტის ხარჯზე არის ძალიან მძიმე და ცუდი პრაქტიკა, ეს არის ჩვენი საუბრის ერთერთი აქცენტი, რომელიც გვაქვს. ჩვენ ძალიან ბევრჯერ გადავწიეთ ვადა, რადგან გვესმის, დროა საჭირო, რომ მოლაპარაკებები შედგეს, მაგრამ სულისკვეთება არის ზუსტად ასეთი და მინდა, ამ სულისკვეთებას გრძნობდეს ყველა, მათ შორის კონსორციუმი, რომელსაც თავის მხრივ, აქვს ვალდებულებები, რომ ეს ვალდებულებები შეასრულონ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, გამოვუცხადებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას, შეასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, რომ იმათმა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები" - თქვა პრემიერმა.

ცნობისთვის, 29 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაამტკიცა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, "პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია."

ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. კონსორციუმის ცნობით, მთავრობამ მათ დაუმალა, რომ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, რაც მოხდა, არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდეს.

30 მაისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააუქმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანება და თანამდებობიდან გაათავისუფლა სააგენტოს უფროსი. თუმცა, ფოთის პორტის მმართველი კომპანიის შვილობილი კომპანია APM ტერმინალის განცხადებით, მათ არ მიუღიათ ოფიციალური დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ.

კომენტარები