ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით 1.53 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 1.31 თეთრით გამყარდა

კოლაჟი ტაბულა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 1.53 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 1.31 თეთრით გამყარდა. 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.7870 ლარია, 1 ევროსი - 3.1078 ლარი.

ბოლო სამი თვის მანძილზე, ლარს დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 11 თეთრით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით კი, 1 მარტის შემდეგ, ლარი 5 თეთრით გაუფასურდა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ "რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის". მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას". ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით კი, "შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ასეთ გაუფასურებას გამყარება მოჰყვება".

კომენტარები