კირკიტაძის გათავისუფლება

გახარია კირკიტაძეზე: მივიღებ თუ არა პოლიციელისთვის მოხდილ ბოდიშს, ინტონაციით გადავწყვეტ

შსს

"მივესალმები, რომ დავით კირკიტაძემ პოლიციელს ბოდიში მოუხადა - რაც შეეხება იმას, ვიღებ თუ არა ამ ბოდიშს, უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ" - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დავით კირკიტაძის მიერ პოლიციელებისთვის ბოდიშის მოხდის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

"ერთმნიშვნელოვნად მივესალმები იმას, რომ ბატონმა კირკიტაძემ პოლიციელს ბოდიში მოუხადა. ვიღებ თუ არა მე პირადად ამ ბოდიშს, არ მინახავს, უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ ვიღებ თუ არა ასეთ ბოდიშს." - თქვა გახარიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით კირკიტაძემ დღეს, 31 მაისს, სასამართლო სხდომაზე პოლიციელებს ბოდიში მოუხადა. კირკიტაძე საპროცესო გარიგების სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ამის შესახებ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალი 353 პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას სამართალდამცავებას და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის, როდესაც ოპოზიციის წევრებს თელავში მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაუხერგეს.

კომენტარები