საქართველოს საგარეო კურსი

პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, ბალანსი - პრორუსული გზავნილები ბურჯანაძის პარტიის ყრილობაზე

შერატონ მეტეხი პალასში ნინო ბურჯანაძის პარტიის "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" რიგგარეშე ყრილობა იმართება.

ყრილობაზე რუსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ მოწოდებები, NATO-ს საწინააღმდეგო გზავნილები და სხვა პრორუსული მესიჯები ისმის. 

"ჩვენ უნდა წარვმართოთ დაბალანსებული, მრავალვექტორული პოლიტიკა, სწორედ ამიტომ მიღებელია ყოველგვარი „პრო“. სირცხვილია, როდესაც თავისუფალი ქვეყნის პოლიტიკოსები თავის მთავარ ღირებულებად და ღირსებად პროამერიკელობას, პროევროპულებას ან პრორუსულობას თვლიან. სირცხვილია, როდესაც პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა დაქუცმაცებული ქვეყნის მთავარ კონსტიტუციურ პრიორიტეტად ერთ ცალკეულ ორგანიზაციაში, ამ შემთხვევაში NATO-ში გაწევრიანებას ასახელებენ.  თანამშრომლობა ყველასთან - დიახ, მაგრამ მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც საქართველოს ინტერესებს ემსახურება და არა სხვა ქვეყნის ან სხვა ორგანიზაციის ინტერესებს", - თქვა ნინო ბურჯანაძემ 

მისივე თქმით, "რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება და პირდაპირი მოლაპარაკებების წარმართვა ჩვენი ქვვეყნის სასიცოცხლო ინტერესი და ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია".

პარტიის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე "ნებმისმიერი" სამხედრო ბაზის დაუშვებლობაზეც საუბრობენ.

"ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი უცხო ქვეყნის ბაზების საქართველოში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსული ბაზები გავიდნენ საქართველოდან. ამისთვის საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკებები, ამისათვის საჭიროა მრავალვექტორული დაბალანსებული ურთიერთობები" - ამბობს პარტიის პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე.

გასულ თვეში მსგავსი გზავნილებით ყრილობა "პატრიოტთა ალიანსმაც" გამართა და "ნეიტრალიტეტის" მოთხოვნით აქციების დაწყებაც დააანონსა.

 

 

კომენტარები