თავდასხმა ლაშა ბრეგვაძეზე

ევროპული საქართველოს წევრის მეუღლეს აუზზე კამათის შემდეგ გასახდელში თავს დაესხნენ

თავდასხმა ლაშა ბრეგვაძეზე

ევროპული საქართველოს წევრის, ნინო იმედაშვილის მეუღლეს, ლაშა ბრეგვაძეს, სასტუმრო რედისონში, საცურაო აუზზე, რელიგიური და პოლიტიკური შინაარსის კამათის შემდეგ სამი მამაკაცი თავს დაესხა.

როგორც ნინო იმედაშვილი ტაბულას მეუღლის მონაყოლს გადმოსცემს, დისკუსია დაიწყო მამაკაცმა, რომელიც ხმამაღლა საუბრობდა, რომ პრეზიდენტთან და პრემიერთან ერთად, ფოკაში, წმიდა ნინოს გზაზე იმყოფებოდა:

"ჩემმა მეუღლემ გამოთქვა კრიტიკული აზრი, რომ რელიგია არ უნდა იყო აფარებული პოლიტიკას. რაზეც აგრესიით უპასუხეს. საუბარი გაგრძელდა, ჩავიდნენ ასლან აბაშიძემდე. ჩემმა მეუღლემ აბაშიძეს შეაგინა, რაზეც მამაკაცები გაღიზიანდნენ. ინციდენტი ადგილზე განიმუხტა. თუმცა, შემდეგ გასახდელში დახვდნენ სამივე. ერთმა მოუქნია დანა, ჩემმა მეუღლემ აიცილა. მეორემ უკნიდან მოუქნია სავარაუდოდ დანა და მოხვდა თავის არეში", - ამბობს ნინო იმედაშვილი ტაბულასთან საუბრისას.

ამ წუთებში ლაშა ბრეგვაძე დაკითხვაზე იმყოფება. ნინო იმედაშვილის ცნობით, დაკითხვაზე იმყოფება სამიდან ორი თავდამსხმელი. მისივე ცნობით, გამოძიება დაიწყო არა ჯგუფური თავდასხმის, არამედ ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით.

შს სამინისტროს განცხადებით:

"რედისონში მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა მეორეს, სავარაუდოდ გასაღებით დაზიანება მიაყენა თავის არეში. დაშავებულს სამედიცინო დახმარება გაეწია და საავადმყოფოდან გამოეწერა. ამჟამად დაპირისპირების მონაწილე ორივე მხარე იმყოფება გამოკითხვაზე. გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს"

კომენტარები