სუდანი

სუდანის უშიშროების ძალებმა არმიის მთავარ შტაბთან შეკრებილი მომიტინგეების დაშლა დაიწყეს

Reuters

სუდანის უშიშროების ძალებმა დედაქალაქ ხართუმში არმიის მთავარ შტაბთან შეკრებილი მომიტინგეების დაშლა დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეებმა დარბევის შესაჩერებლად ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს. ისმის სროლა.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს ოცდაათწლიანი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ სამხედრო ძალებმა გადადგომა აიძულეს.

17 აპრილს სუდანის ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ხარტუმში კობარის ციხეში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალდებით, ბაშირი 2003 წლის სუდანის დარფურის რეგიონის გენოციდში მონაწილეობდა, რამაც 300 000 ადამიანს სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბაშირის გადაყენების შემდეგ სამხედროებმა განაცხადეს, რომ ორი წლით თავად მართავენ ქვეყნას შემდეგ კი არჩევნებს დანიშნავენ.

თავდაპირველად, სამხედრო ძალებს თავდაცვის მინისტრი ავად იბნ აუფი ხელმძღვანელობდა. მომიტინგეები არ დაიშალნენ, რადგან იბნ აუფი ბაშირის მოკავშირე იყო და მსგავსი ლიდერი არ სურდათ.

პოსტზე ერთდღიანი ყოფნის შემდეგ, 12 აპრილს იბნ აუფმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა და მას სამხედროთაგან ნაკლებად საკამათო ფიგურა აბდელრაჰმან ბურჰანი ჩაანაცვლებდა. ეს ნაბიჯი მომიტინგეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მომიტინგეებს მიაჩნიათ, რომ ყოველივე იმ ლიდერთა თვითნებური გადაწყვეტილებაა, რომლებიც ხალხს არ წარმოადგენენ.

ხარტუმში ათასობით მომიტინგე ქვეყნის სამართავად სამოქალაქო საბჭოს დაარსებას ითხოვს, თუმცა მმართველი სამხედრო საბჭო მხოლოდ საერთო სამხედრო-სამოქალაქო საბჭოს შექმნას თანხმდება.

სამხედრო საბჭოს საგარეო მხარდაჭერა აქვს საუდის არაბეთის სამეფოდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ისინი საბჭოს სამი მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარნენ.

11 აპრილის შემდეგ აქციების მიმდინარეობისას სუდანის დედაქალაქ ხარტუმში, სულ მცირე, 16 ადამიანი მოკლეს.

კომენტარები