ხორავას ქუჩის საქმე

გახარია: სანამ მშობლები არ ჩათვლიან, რომ სამართალი დადგა, ხორავას ქუჩის საქმე ჩვენი ტვირთია

შს მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე მისთვის "სერიოზული პირადი გამოწვევა" იყო. გახარიამ 2 ივნისს იმედი LIVE-ს ეთერში თქვა, რომ ამ საქმემ გარკვეულწილად განსაზღვრა შსს-ს რეფორმების მიმართულება.

"ჩათვალეთ, რომ ამან გარკვეული დამღა დაასვა ემოციურადაც თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული. გარწმუნებთ, არც ერთი დღე არ შეჩერებულა გამოძიება ამ მიმართულებით.

სანამ არ მივალთ იმ მომენტამდე, როდესაც მშობლები ჩათვლიან, რომ მართლმსაჯულების სრულმა სისტემამ სამართალი დააყენა და ამ სამართლის მიმართ მათი ნდობა არ იქნება სრული, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ტვირთი. ძალოვან სტრუქტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს გააზრებული აქვთ თავიდან ბოლომდე და ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩვენი ღირსების ამოცანა, რომელსაც ჩვენ შევასრულებთ" - თქვა გახარიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ დავით სარალიძე ჯგუფურად მოკლეს. მოსამართლეთა კოლეგიამ გ.ჯ.-ს ბრალი დაუმძიმა და სარალიძის მკვლელობის მცდელობის ნაცვლად, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა დაუდგინა. სასამართლო ამბობს, რომ გ.ჯ.-მ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძე ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად მოკლა. მას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქმის კიდევ ერთი მონაწილე, გ.ბ. დავით სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომაც, თუმცა დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. ასეთივე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული საქალაქო სასამართლოსაც და მისი შინააარსი სააპელაციოს არ შეუცვლია, შეცვალა მხოლოდ სასჯელი და მასაც 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ სანდოდ არ მიიჩნია მიხეილ კალანდიას ჩვენება, რომლის მიხედვითაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გ.ბ დამნაშავეა დავით სარალიძის მკვლელობაშიც.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა: 

ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა. საპარლამენტო კომისიამ, საქმის მასალების გაცნობისა და გამოძახებულ პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დაადგინა, რომ:

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საწყის ეტაპზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, ოპერატიულად მოხდა ჩხუბის მონაწილეების იდენტიფიცირება, მაგრამ საქმეში ა.ს.-ს მამის, მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად, იმ განზრახვით, რომ პასუხისმგებლობა მომხდარ მკვლელობებზე დაკისრებოდათ მხოლოდ გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს, ამასთან დაფარულიყო მ.კ.-ს და სხვა ფიგურანტების როლი დავით სარალიძის მკვლელობაში.

კომისიის მიერ გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს პროკურატურის მოტივაციაზე - მიეჩქმალათ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში და იგი ჩაენაცვლებინათ გ.ბ.-ით, რომელსაც ისედაც უმტკიცდებოდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობა.

ასევე, დასკვნის მიხედვით, აშკარად იკვეთება, რომ საგამოძიებო უწყებები ცდილობდნენ მიეჩქმალათ მირზა სუბელიანის მონაწილეობა დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობასა და მტკიცებულებების განადგურებაში. ასევე, მათ არ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენაში ემხილებინა მ.კ., ა.ს. და სხვა ფიგურანტები.

დარღვევებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ:

  • გამოძიებამ ხელი დააფარა მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რაც გამოიხატა მიკერძოებულად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში;
  • გამოძიებამ არ გადაამოწმა დანაშაულში მ.კ.-ს მონაწილეობის ვერსია და, მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობისა, პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში;
  • გამოძიებამ არ გამოავლინა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოება - მ.კ.-ს მიერ ჩხუბის დროს ე.წ. „ტარის“ ქონა, და დავით სარალიძის წინააღმდეგ მისი გამოყენება.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი. მას 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს. ამ უკანასკნელს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები