რუსმა რეპერმა, რომელიც კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერია, ტიმურ იუნუსოვმა იგივე ტიმატიმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახალი ტანისამოსის ხაზი "რუსეთის არმია" შექმნა.
26 მაისს მოსკოვში ტიმატის ტანისამოსის კომპანიამ "შავი ვარსკვლავი" ახალი კოლექცია წარადგინა. ტანისამოსი სამხედრო ჩაცმულობის დიზაინით შექმნეს, მათზე დატანილია წარწერები - რუსეთის არმია, სირია და ა.შ. ერთერთ მაისურზე პუტინიც არის გამოსახული, წარწერით "მყისიერი გადაწყვეტილება".
ჩვენებას ესწრებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელიც პირველ რიგში იჯდა და ტიმატის ნაჩუქარი სამხედრო მოსაცმელი ეცვა. შოუ მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მართვის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.
ტიმატის თქმით, ტანსაცმლის ხაზი რუსეთის მოქალაქეებს პატრიოტიზმის გამოვლენაში დაეხმარება. რუსი რეპერის განცხადებით, მისი გუნდი რუსეთის არმიის თანამშრომლებთან ექვსი თვის მანძილზე მუშაობდა.
ტიმატის ჯარში არასდროს უმსახურია. 2018 წლის ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ჯარში მსახურებას ურჩევნია "გონებრივად არასტაბილური" უწოდონ, რადგან ეს "დროის უშინაარსო ხარჯვაა".
აღნიშნული კოლექცია ზრდასრული ადამიანების გარდა, ბავშვებზეც არის გათვლილი.