სექსუალური შევიწროება

82 წლის მასწავლებელი 13 წლის მოსწავლეს თავის სექსუალურ ლტოლვაზე უყვებოდა - ამოღებულია ჩანაწერი

ebru.co.ke

დედოფლისყაროს ერთ-ერთ სკოლაში 82 წლის მასწავლებელი კაცი 13 წლის მოსწავლეს თავის სექსუალურ ლტოლვაზე ესაუბრებოდა.

როგორც ტაბულას სკოლაში უთხრეს, გოგომ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს მიმართა, რომ კონკრეტული მასწავლებლის გაკვეთილზე შესვლა არ სურდა და ამის მიზეზად მასწავლებლის მხრიდან ისეთ თემებზე საუბარი დაასახელა, რომელიც მისთვის სასურველი არ იყო.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა ადმინისტრაცია საქმის კურსში ჩააყენა, რის შემდეგაც მათ გაზვიადების გამორიცხვისა და ფაქტის გადამოწმების მიზნით ბავშვს უფლება მისცეს მასწავლებელთან საუბარი ჩაეწერა.

რამდენიმე დღეში გოგომ მასწავლებლის საუბარი მობილური ტელეფონით ჩაიწერა, რომელიც, დირექტორის თქმით, დილით, სკოლის დერეფანში, გაკვეთილების დაწყებამდე 15-20 წუთით ადრე შედგა.

"ვუთხარი, იქნება ბავშვიც აზვიადებს რაღაცას და ტყუილად მასწავლებელიც რომ არ დავადანაშაულოთ, ჩავიწეროთ-მეთქი. ამას ვერ წარმოვიდგენდი თუ მოვისმენდი, წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის 82 წლის კაცს მოსწავლესთან ამ თემებზე ესაუბრა", - ამბობს დირექტორი ტაბულასთან.

ის საუბრის შინაარსის მოყოლისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ჩანაწერი უკვე სამართალდამცავ უწყებებს აქვთ. დირექტორი ჰყვება მხოლოდ იმას, რომ 82 წლის მასწავლებელი 13 წლის გოგოს წლების წინ, სხვა მოსწავლის მიმართ თავისი სექსუალური ლტოლვისა და შემდგომი ურთიერთობის შესახებ უყვება და მათ შორის ერთგვარ პარალელს ავლებს - ეუბნება, რომ ისიც ასეთივე კარგი გოგო იყო.

"ეს ბავშვი გადარჩენილია, მაგრამ ვიღაცა გააუბედურა შეიძლება", - ამბობს სკოლის დირექტორი.

82 წლის მასწავლებელი სკოლიდან უკვე დაითხოვეს. დისციპლინურმა კომიტეტმა მასწავლებელსაც მოუსმინა და შემდგომ დირექტორს მიმართა, რომელმაც მას ხელშეკრულება შეუწყვიტა.

ჩანაწერი უკვე პოლიციას აქვს. საქმეზე დაწყებულია გამოძიებაც - სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

"27 მაისს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ [სკოლის სახელი ამოღებულია] საჯარო სკოლაში, სკოლის მასწავლებელი 1937 წელს დაბადებული ნ.წ. თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარს ახორციელებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე", - ამბობენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები.

"ასევე ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს", - აღნიშნავენ შსს-ში.

კომენტარები