სუდანი

სუდანის სამხედრო ლიდერებმა თქვეს, რომ 9 თვეში არჩევნებს ჩაატარებენ

getty images

სუდანის სამხედრო ლიდერებმა თქვეს, რომ ოპოზიციურ კოალიციასთან არსებული ყველა შეთანხმება განულდება და 9 თვეში არჩევნებს ჩაატარებენ. მათი თქმით არჩევნები რეგიონული და საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ გაიმართება.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც დედაქალაქ ხარტუმში სამხედრო ბაზასთან გამართულ აქციაზე დაპირისპირების შედეგად 30 მომიტინგის დაღუპვა საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო. დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვიცაა. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს ოცდაათწლიანი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ სამხედრო ძალებმა გადადგომა აიძულეს.

17 აპრილს სუდანის ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ხარტუმში კობარის ციხეში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალდებით, ბაშირი 2003 წლის სუდანის დარფურის რეგიონის გენოციდში მონაწილეობდა, რამაც 300 000 ადამიანს სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბაშირის გადაყენების შემდეგ სამხედროებმა განაცხადეს, რომ ორი წლით თავად მართავენ ქვეყნას შემდეგ კი არჩევნებს დანიშნავენ.

თავდაპირველად, სამხედრო ძალებს თავდაცვის მინისტრი ავად იბნ აუფი ხელმძღვანელობდა. მომიტინგეები არ დაიშალნენ, რადგან იბნ აუფი ბაშირის მოკავშირე იყო და მსგავსი ლიდერი არ სურდათ.

პოსტზე ერთდღიანი ყოფნის შემდეგ, 12 აპრილს იბნ აუფმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა და მას სამხედროთაგან ნაკლებად საკამათო ფიგურა აბდელრაჰმან ბურჰანი ჩაანაცვლებდა. ეს ნაბიჯი მომიტინგეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მომიტინგეებს მიაჩნიათ, რომ ყოველივე იმ ლიდერთა თვითნებური გადაწყვეტილებაა, რომლებიც ხალხს არ წარმოადგენენ.

მას შემდეგ ხარტუმში ათასობით მომიტინგე ქვეყნის სამართავად სამოქალაქო საბჭოს დაარსებას ითხოვს, თუმცა მმართველი სამხედრო საბჭო მხოლოდ საერთო სამხედრო-სამოქალაქო საბჭოს შექმნას თანხმდება.

კომენტარები