ხორავას ქუჩის საქმე

ხოშტარია: ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც კალანდიას ხელს აფარებდა

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ელენე ხოშტარიას თქმით, მიხეილ კალანდიას დაკავება საკმარისი არ არის და ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც გამოძიების პროცესში მას ხელს აფარებდა. 

ამის შესახებ ხოშტარია ტაბულას ესაუბრა. 

ელენე ხოშტარიას თქმით, სააპელაციო სასამართლომ აჩვენა ის, რასაც ევროპული საქართველო დროებით საგამოძიებო კომისიაზე ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, პირველ რიგში ის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაული ჯგუფური დანაშაული იყო და მეორე ის, რომ კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ბევრი საფუძველი არსებობოდა. 

"აქ ყველაზე დიდი პრობლემა არის იმაში, რომ ზაზა სარალიძეს ერთი წელი დააკარგინეს, აწვალეს ეს შვილმკვდარი მამა იმისთვის, რომ კომისიის საფუძველზე კი არ ყოფილიყო დაკავებული, არამედ თავიანთი გადაწყვეტილებით. საერთოდ, ამაზე პოლიტიკური ვაჭრობა, აქ შეეძლოთ უკვე აღეძრათ საქმე და არ აღძრეს და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლები არიან ის პროკურორები,"- ამბობს ხოშტარია. 

დეპუტატის თქმით, სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით პროკურატურის მიერ შეთითხნილი ვერსია მოკლა. 

"ამაზე ვიღაცამ პასუხი ხომ უნდა აგოს? პოლიტიკურ პასუხისმგებლობას რომ თავი დავანებოთ, აქ კონკრეტული პირებია. ჩამოწერილი გვაქვს კომისიის დასკვნაში, ვინ უნდა აგოს პასუხი, კონკრეტულად რომელმა პროკურორებმა, მათ შორის ირაკლი შოთაძე, ზვიად ფხაკაძე. არამხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, არამედ სისხლისსამართლებრივიც, როგორც გარემოებებში ჩარევის ნაწილში, ისე ინფორმაციის დამალვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაშიც,"- ამბობს ხოშტარია. 

პარლამენტში ევროპული საქართველოს ინიციატივით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 5 სექტემბერს ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც გამოძიების პროცესში არსებულ ძირითად დარღვევებზე ისაუბრა და მთავარი რეკომენდაციები გასცა, მათ შორის იყო მიხეილ კალანდიას დაკავება

დოკუმენტით საგამოძიებო კომისია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, ქმედებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებით. 

კომისია ასევე საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენებას და სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირებას ითხოვდა.

კომისია ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ქმედებებზე გამოძიების დაწყებასაც ითხოვდა, სამსახურეობრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით. 

და ბოლოს, კომისია მოითხოვდა, დამდგარიყო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა, და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დაკავებული თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები