ხორავას ქუჩის საქმე

კალანდიას ძმა: უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა, მაგას ვნახავთ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვაში ბრალდებული ლუკა კალანდიას მტკიცებით, მისი ძმა უდანაშაულოა.

"მიხეილ კალანდიას ხელში დანა საერთოდ არ სჭერია, ბიჭი არის უდანაშაულო და აი, უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა ამ ბრალდებით და ამ მუხლით, მაგას ვნახავთ. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული" - თქვა ლუკა კალანდიამ TV პირველთან საუბარში. 

მისივე აზრით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემაც ძალიანა კარგად იცის, რომ "მიხეილ კალანდია ალბათ უდანაშაულოა, მაგრამ ნუ, რავი რა, ასე ხდება". 

ლუკა კალანდიას ინფორმაციით, დღეს მისი ძმა სასამართლოში მოწმის სახით უნდა დაეკითხათ.

"შუა ტრასაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს, მიხეილი აიყვანეს და შემდეგ ისე გაჟღერდა, თითქოს მიხეილი ტოვებდა ქალაქს. მიხეილს არც ქალაქი აქვს დასატოვებელი, იმიტომ რომ უდანაშაულოა და არ სჭირდება არაფერი" - ამბობს ლუკა კალანდია, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც ჰყავს გამოკითხული. ის მაშინ ამბობდა, რომ იცოდა, რა მოხდა, თუმცა, ვისგან - "მაგას ვერ გეტყვით".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია დღეს, 4 ივნისს დააკავა. 

ევროპული საქართველოს ინიციტიავით შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც 2018 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა, ძირითადი რეკომენდაცია სწორედ მიხეილ კალანდიას მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო. ამასთან, კომისიამ გამოძიების მთავარ დარღვევად სწორედ მიხეილ კალანდიასთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა დაასახელა. 

საგამოძიებო კომისია ასევე წერდა, რომ გამოძიების მთავარი დარღვევა, მათ შორის, იყო ის, რომ სამართალდამცავი პირები საქმის გამოძიების პროცესში მიკერძოებულები იყვნენ მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ. კომისია 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე წერდა, რომ მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია. 

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე იყო.

3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად.

გუშინდელი  გადაწყვეტილებით გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გ.ჯ დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის.

გ.ჯ-ს სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გ.ბ-ს - სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ეკა აროშიძის 1 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში კი უდანაშაულოა.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მას მაინც დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.

პროკურატურა ამბობდა, რომ ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, რომ გ.ბ არ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოსგან სწორედ გ.ბ-ს დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

კომენტარები