მეორე ტური მთაწმინდაზე

წინასაარჩევნოდ მთაწმინდაზე, ოქროყანაში საგზაო სამუშაოებისთვის 460 000 ლარი გამოიყო

თბილისის მერია

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო, რაშიც მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 460 000 ლარია გამოყოფილი.  

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მთაწმინდის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. 

"ამ ეტაპზე გზების რეაბილიტაცია ბ ზონაში, ხორავასა და ყაზბეგის ქუჩებსა და ჩიხებში მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში ამორტიზებული გზის საფარი 11 750 კვ მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 460 000 ლარი დაიხარჯება,"- წერია თბილისის მერიის პრესრელიზში. 

მერიის ცნობით, აღნიშნული ქუჩის ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის ახალი საფარი და საკომუნიკაციო ჭები მოწესრიგდა. ამასთან, მათივე ცნობით, გზები გ ზონასა და გელოვანის ჩიხებშიც მოეწყო, სადაც დაზიანებული საფარი 9 600 კვ მ ფართობზე განახლდა. 

საგზაო სამუშაოებს, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს "პარმა" ასრულებს. მათივე ცნობით, გზების მოწესრიგების პარალელურად, უახლოეს პერიოდში, ოქროყანაში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყება.

მთაწმინდის ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და საარჩევნო ბლოკი "თავისუფალი დემოკრატები - ევროპული საქართველოს" კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან. 

ოპოზიციის წევრებმა 4 ივნისს მთაწმინდის ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს, მათ შორის ოქროყანაში. ოქროყანაში ამომრჩეველზე ზეწოლაზე ევროპული საქართველო ჯერ კიდევ პირველი ტურის წინ და მიმდინარეობისას საუბრობდა. აღსანიშნავია, რომ შავგულიძემ ოქროყანა კახაძესთან წააგო. 

კომენტარები