ლევან ჯიბღაშვილის საქმე

ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლოზე მტკიცებულებად მონასტრიდან ცნობაც წარადგინა

0 კომენტარი

ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და გადაზიდვა-წარმოებაში ბრალდებული ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებს შორის სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობაც წარადგინა. 

მსახიობის უფლებადამცველის განმარტებით, მტკიცებულებები ძირითადად ჯიბღაშვილის პიროვნულ მახასიათებლებს ეხება.

"ლევან ჯიბღაშვილი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, გამოძიებასთან თანამშრომლობს, შესაბამისად, მტკიცებულებები უდაოდ მივიჩნიეთ. ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად, ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლები იყო, მათ შორის, რეკომენდაციები. რაც შეეხება მამათა მონასტრიდან ცნობას, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დახასიათება. აღნიშნული ეკლესიის მშენებლობაში ლევან ჯიბღაშვილს წვლილი აქვს შეტანილი", - ამბობს ანა კოტეტიშვილი, ინტერპრესნიუსის ცნობით.

მტკიცებულებების ჩამონათვალის ფოტოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ჩამონათვალში ჩანს საპატრიარქოს მიერ გაცემული დოკუმენტის სახელწოდების ნაწილიც.

ფოტო: 1tv.ge

ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მას ბრალი 260-ე მუხლის I და III ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა). ბრალდება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსახიობი 23 აპრილს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაკავებულისთვის აღკვეთის სახით არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. 

აღსანიშნავია, რომ ჯიბღაშვილს Facebook-ზე ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად გადაღებული ფოტოები აქვს გამოქვეყნებული - შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე, ქართული ოცნების დეპუტატი დავით სონღულაშვილი, ასევე ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი გასულ წელს ჯიბღაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იმყოფებოდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები