მიხეილ კალანდიას დაკავება

"ვინ და რატომ მიიყვანა ეს საქმე აქამდე?"- სარალიძის ადვოკატი სამოხელეო დანაშაულზე საუბრობს

ზაზა სარალიძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებით საქმე ჯერ არ დასრულებულა და ბევრ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. 

მისი თქმით, კალანდიას დაკავების მიზეზი სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებაა და თვლის რომ პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდა.  

"პირველი ნაბიჯი სამართლიანობისკენ გადადგმული იყო საქალაქო სასამართლოს განაჩენით, რომელმაც პირდაპირ მიუთითა პროკურატურას, რომ საქმე იყო გამოუძიებელი და არ იყო გამოკვეთილი დამნაშავე პირები. ჩვენ მივიღეთ შემდგომ შემდეგი სურათი, რომ პროკურატურა მთელი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაეცვა თავისი პირვანდელი ბრალდება და თავისი პოზიცია გაეტარებინა და სასამართლოს მიეღო მათთვის სასარგებლო განაჩენი. დარწმუნებული ვარ, რომ თუ სასამართლო მოექცეოდა პროკურატურის გავლენის ქვეშ, არ გვექნებოდა ის სურათი, რაც დღეს გვაქვს"- ამბობს ლონდარიძე. 

მისივე თქმით, ზაზა სარალიძე მთელი ამ დროის განმავლობაში იბრძოდა სამართლიანობისთვის და ამბობდა რომ მიხეილ კალანდია იყო სავარაუდო მონაწილე მისი შვილის მკვლელობაში. 

"ძალიან მნიშვნელოვანია რომ არაერთი პირი მიუთითებდა მიხეილ კალანდიას მონაწილეობას. არაერთი მტკიცებულება იყო მის წინააღმდეგ წარმოდგენილი, მაგრამ რატომღაც პროკურატურამ, ბოლო დღემდე არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები. იყო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია, იყო სახალხო დამცველის რეკომენდაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები მაგრამ პროკურატურა დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც მე პირადად ვთვლი რომ არის არასწორი ნაბიჯი, მაშინ როდესაც საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები და გვაძლევს საფუძველს რომ ეს ქმედება იყოს იქამდე განეხორციელებინა. საქმე აქამდე არ უნდა მოეყვანა",- ამბობს ადვოკატი. 

ლონდარიძე აღნიშნავს, რომ მირზა სუბელიანის ქმედებაშიც იმ დანაშაულის გარდა, რისთვისაც ის იხდის სასჯელს, "შეიმჩნევა სხვა დანაშაულის ნიშნებიც და ეს შესწავლას საჭიროებს". 

"ვიხილეთ ფარული ჩანაწერი, რომელიც არ არის შესწავლილი, როგორ რანაირად ვის მიერ მოხდა ჩაწერა, ეს კიდევ ერთი ეტაპია და არ არის შესწავლილი უშუალოდ ამ ჩანაწერში გაჟღერებული დანაშაულის ნიშნები. თუნდაც ის გარემოება, რომ საეჭვოდ ემთხვევა მირზა სუბელიანის მიერ მოხდილი სასჯელი მის მიერ დაანონსებულ სასჯელს ბადებს საზოგადოებაში ეჭვს. ვერ ჩავთვლით,რომ ეს საქმე დასრულდა, არ დასრულებულა ეს საქმე, ვინაიდან ჯერ კიდევ ბევრ კითხვის ნიშანს უნდა გაეცეს პასუხი. თუნდაც სამოხელეო დანაშაული, ვინ და რატომ მიიყვანა ეს საქმე აქამდე",- ამბობს ზაზა სარალიძის ადვოკატი. 

ლონდარიძის თქმით, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ საქმეში და მთელ საზოგადოებას დაანახა რა ხდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია დღეს, 4 ივნისს დააკავა. 

ევროპული საქართველოს ინიციტიავით შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც 2018 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა, ძირითადი რეკომენდაცია სწორედ მიხეილ კალანდიას მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო. ამასთან, კომისიამ გამოძიების მთავარ დარღვევად სწორედ მიხეილ კალანდიასთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა დაასახელა. 

საგამოძიებო კომისია ასევე წერდა, რომ გამოძიების მთავარი დარღვევა, მათ შორის, იყო ის, რომ სამართალდამცავი პირები საქმის გამოძიების პროცესში მიკერძოებულები იყვნენ მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ. კომისია 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე წერდა, რომ მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია. 

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე იყო.

3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად.

გუშინდელი  გადაწყვეტილებით გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გ.ჯ დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის.

გ.ჯ-ს სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გ.ბ-ს - სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ეკა აროშიძის 1 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში კი უდანაშაულოა.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მას მაინც დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.

პროკურატურა ამბობდა, რომ ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, რომ გ.ბ არ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოსგან სწორედ გ.ბ-ს დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

კომენტარები