აშშ-დიდი ბრიტანეთი

ლონდონის მერი ტრამპის რეპლიკას პასუხობს: ასეთ ქცევას 11 წლის ბავშვისგან მოველი

ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 11 წლის ბავშვს შეადარა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მას "აბსოლუტური ლუზერი" უწოდა

ხანმა CNN-თან საუბრისას თქვა, რომ ტრამპის იმ რეპლიკების გამო, რომელიც მან დიდ ბრიტანეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტის დროს გააკეთა, "ოდნავადაც კი არ გრძნობს თავს შეურაცხყოფილად". თუმცა, იქვე დაამატა, რომ არსებული მოლოდინების მიხედვით, აშშ მისაბაძად უნდა იქცეოდეს. 

"ასეთ ქცევას 11 წლის ბავშვისგან მოველი, მაგრამ მისი გადაწყვეტია, როგორ მოიქცევა. მე არ ვარ ის, ვინც იმავე მანერით უპასუხებს მას. ვფიქრობ, რომ იმაზე მაღლა ვდგავარ, ვიდრე ბავშვური ტვიტების წერა და სახელების შერქმევაა,"- თქვა ხანმა. 

ტრამპმა 3-დღიანი სახელმწიფო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში 3 ივნისს დაიწყო. ლონდონში დაფრენამდე, მან ქალაქის მერი Twitter-ზე გააკრიტიკა და მას "აბსოლუტური ლუზერი" უწოდა. 

პრეზიდენტი დედოფალმა ელიზაბეტმა ბუკინგემის სასახლეში ოფიციალურად 3 ივნისვე მიიღო, თუმცა პარალელურად ლონდონის ქუჩებში ანტი-ტრამპისტული საპროტესტო აქციები იმართება. როგორც ხანმა CNN-ს უთხრა, ტრამპის კარიკატურული სურათები დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობის წინ აღმართეს. 

ხანმა აღნიშნა, რომ ლონდონის მაცხოვრებლებს პროტესტის უფლება აქვთ მანამ, სანამ ისინი ამას მშვიდობიანად აკეთებენ. 

CNN-ის კითხვაზე, დიდი ბრიტანეთი უფრო პრაგმატულად ხომ არ უნდა იქცეოდეს ტრამპთან მიმართებით იმ ფონზე, რომ ორ ქვეყანას შორის ბრექსიტის შემდგომი ახალი სავაჭრო შეთანხმება უნდა შედგეს, ხანი ამბობს, რომ ეს ყალბი მოლოდინებია. 

"მისი განწყობა საათში ერთხელ იცვლება," - ამბობს ხანი. 

კომენტარები