ინფარქტი

ღეროვანი უჯრედების პლასტირი შესაძლოა გულის შეტევის სამკურნალოდ გამოიყენონ

მეცნიერებმა შექმნეს პლასტირი, რომელიც შესაძლოა დაეხმაროს ასეულობით ათას ადამიანს, რომლებმაც გულის შეტევა გადაიტანეს. ბრიტანეთის გულის ფონდი ამბობს, რომ "მტუმბავ" პლასტირს, რომელიც შეიცავს დაახლოებით 50 მილიონ ღეროვან უჯრედს, გულის შეტევით გამოწვეული ზიანის აღდგენა შეუძლია. 

გულზე "მიკერებული" 3 სმ სიგრძის და 2 სმ სიგანის პლასტირი ლაბორატორიაში პაციენტის უჯრედებისგან გაზარდეს, რომელიც შემდეგ ფუნქციურ კუნთოვან ქსოვილად გარდაიქმნება. პლასტირი ასევე გამოჰყოფს ნივთიერებებს, რომლებიც აღადგენს გულის არსებულ უჯრედებს. 

"კურდღლებზე ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ის უსაფრთხოა" - განაცხადეს ლონდონის იმპერიული კოლეჯის ექსპერტებმა მანჩესტერში გამართულ კონფერენციაზე. კლინიკური კვლევები პაციენტებზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიწყება. 

ტესტირებამ აჩვენა, რომ პლასტირი სამ დღეში პულსირებას იწყებას და დაახლოებით ერთ თვეში ზრდასრული გულის ქსოვილის სხვა ფუნქციების შესრულებას იწყებს. კურდღლებში, პლასტირების გამოყენების შემდეგ გულის ფუნქციები სრულად აღდგა.

გულის შეტევა, იგივე ინფარქტი ხდება მაშინ, როცა  წყდება სისხლის ნაკადი, რომელიც გულს ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი არტერიებში ცხიმის, ქოლესტეროლის ან სხვა ნივთიერებების დაგროვებაა, რომლებიც აყალიბებენ ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რომელიც არტერიაში იჭედება.

"ერთ დღეს, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავამატებთ გულსი პლასტირებს იმ მკურნალობას, რომელსაც ექიმები რუტინულად სთავაზობენ პაციენტებს გულის შეტევის შემდეგ. ჩვენ შეგვეძლება გამოვწეროთ მსგავსი პლასტირები წამლებთან ერთად." - ამბობს ლონდონის რეგენერაციუი მედიცინის ცენტრის წარმომადგენელი დოქტორ რიჩარდ ჯაბური. 

კომენტარები