დავით გარეჯის მონასტერი

ხუხაშვილი: პრეზიდენტმა "ოცნებას" უთხრა, მე ნუ მაგინებთ, პრემიერის ბრალია ყველაფერიო

ტაბულა

"ქალბატონი სალომე, ეტყობა, ძალიან შეწუხებულია განვითარებული მოვლენებით და ცდილობს, რომ რაღაც ქნას, მათ შორის პრემიერსაც ხელი შეახოცოს, თუ ეს შესაძლებელია" - ასე აფასებს პოლიტიკური მიმომხილველი გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მის მიერ გაკეთებული განცხადებები პრემიერმინისტრთან შეთანხმებული იყო.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, 4 ივნისს ბრიფინგზე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის გაკეთებული შეთავაზება, რომ ორ სახელმწიფოს შორის დადგენილი საზღვარი უნდა არსებობდეს, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეთანხმებული იყო.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, რომელიც სახელმწიფოთა შორისი საკითხია, რელიგიურ ასპექტში გადაიყვანა. ამის შესახებ ის რუსთავი 2-ს ესაუბრა.

"სალომე ზურაბიშვილმა საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, როგორც წმინდა პოლიტიკური საკითხი, ეს არის სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობის საკითხი გადაიყვანა რელიგიურ ასპექტში. მთავარი ფრაზა ის კი არ იყო, რომ მე ამაზე ვილაპარაკე და ეს საკითხი უნდა დაჩქარდესო. მთავარი საკითხი იყო ის, რომ მან თქვა, რომ მე ამ საკითხზე ველაპარაკე მამა ილარიონს, ბერებს ვესაუბრეო. ანუ დელიმიტაციის საკითხზე ბერებთან იმუშავა სალომე ზურაბიშვილმა და ამას მოყვა ამ საკითხის აფეთქება. ფაქტობრივად, მას ეს განცხადება ჩვენთვის არ გაუკეთებია. ეს განცხადება გააკეთა ქართული ოცნებისთვის, რომ მე ნუ მაგინებთ, აგერ პრემიერის ბრალია ყველაფერიო,"- ამბობს ხუხაშვილი. 

დავით გარეჯის მონასტერთან ვითარება სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტისა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ დაიძაბა. პრეზიდენტმა თავადვე აღნიშნა, რომ კონფლიქტი, სავარაუდოდ, მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. 

დავით გარეჯის მონასტერთან არსებულ ვითარებაზე ვრცლად წაიკითხეთ  

კომენტარები