ნარკოდანაშაული

ქსნის ციხეში პატიმრისთვის ნარკოტიკის შეტანის მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს

ipn.ge

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

"დადგინდა, რომ 2019 წლის 4 ივნისს, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ., რომლებმაც მოითხოვეს მათ მიერ წარდგენილი ამანათის გადაცემა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი მსჯავრდებულისათვის. ამანათის შემოწმებისას, მასში მოთავსებულ ფეხსაცმელში აღმოჩნდა 4 (ოთხი) ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული შავი ფერის ნივთიერება.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აქტიური ხელშეწყობით, ბრალდებულის სახით დააკავეს დ.შ. და ლ.ფ" - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

გამოძიება პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობისა (სსკ-ის 19,3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები