გაერო

გაერომ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

4 ივნისს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მიიღეს საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

ამ რეზოლუციას საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რაც ემსახურება დევნილთა ფუნდამენტრული უფლებების, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების განმტკიცებას.

მიმდინარე წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები. რეზოლუციის თანასპონსორი გაეროს წევრი 44 ქვეყანა გახდა.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 79-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 15, 57-მა თავი შეიკავა, მათ შორის სომხეთმაც, რომელიც გასულ წლებში რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას.


ფოტო: გაერო

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეზოლუციას მხარი 81-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 16, ხოლო თავი შეიკავა 62-მა.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

რეზოლუცია ავალებს გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას.

რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

კომენტარები