კრიმინალური ავტორიტეტი

ბოკერია: სოხაძემ დაადასტურა, რომ "კრიმინალური სამყაროს" აქტივიზაციაა ოცნების სტრატეგია

"ბატონმა სოხაძემ პირდაპირ დაადასტურა, რომ სწორედ "კრიმინალურ სამყაროს" წევრი და მათთან დაახლოებული პირების აქტივიზაცია არის ივანიშვილი გუნდის მთავარი სტრატეგია მთაწმინდის არჩვენებზე შავგულიძის წინააღმდეგ," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატ რევაზ სოხაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც "კრიმინალურ ავტორიტეტებზე" დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ კარგია თუ ადამიანები, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობენ უბანში და აქვთ გავლენა საკუთარ მეზობლებზე და უბანზე, ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან. 

"პირდაპირ თქვა ამ კაცმა, თან კომიკური და სამარცხვინო ფორმით, დაგვცინა თან, ეტყობა მაგათ კომპლექსი აქვთ ძველი ბიჭებისო და რა პრობლემაა კრიმინალური სამყაროს წევრი ხალხის გამოყენებაშიო, ეს არის კარგიო. 90-იანების 80-იანების მორალი წაგვიკითხა ქართული ოცნების წევრმა და რაც მთავარია დაადასტურა, რომ სწორედ ამ სამყაროში ეძებენ მხარდაჭერას და ამ ხალხის მხარდაჭერა სჭირდებათ სწორედ არალეგიტიმური და უკანონო მეთოდებისთვის, აბა ახლა კრიმინალური სამყაროდან წამოსული ადამიანი ავტორიტეტი როგორ შეიძლება იყოს ნორმალური ამომრჩევლისთვის. ახლა მთავარი არის, რომ სხვა პოლიტიკურმა ფიგურებმაც უნდა გაგვცენ პასუხი, ბატონმა კალაძემ, პარლამენტში უმრავლესობის ლიდერებმა, გახარიამ, რომელიც რაღაც კანონპროექტს გვთავაზობს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებაზე. ყველა არჩევნებზე დეკლარირებულად კრიმინალური სამყაროს ჰეროიზებას ახდენდნენ და რაღაც ძველბიჭურ რომანტიკაზე ლაპარაკობდნენ. ეს ბევრად უფრო მძიმე პრობლემაა, ვიდრე ბატონი სოხაძის სამარცხვინო კომენტარი. ეს არის პრობლემა ივანიშვილის გუნდის ფუნდამენტური სტრატეგიის, რომ ამ სამყაროს გამოყენებით შეინარჩუნოს ძალაუფლება, არჩევნებზე მათი ჩართვის შედეგად. ეს არის დიდი პრობლემა და შემდეგ როცა მორალს უკითხავენ მოქალაქეებს, რომ პოლიციასთან ითანამშრომლეთ და კანონმორჩილები იყავით და კანონის უზენაესობის ღირებულება უნდა დავიცვათო, ეს არის ცინიზმი ამ გუნდის მხრიდან.," - ამბობს ბოკერია. 

ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე ქართული ოცნების კანდიდატის ლადო კახაძის არარეგისტრირებულ საარჩევნო შტაბზეც ისაუბრა. ბოკერიას თქმით, კანონის მიხედვით, ადგილი სადაც საარჩევნო კამპანიაზე მუშაობენ, არის შტაბი და დარეგისტრირებული უნდა იყოს, ასევე გამჭვირვალე უნდა იყოს ფინანსური მხარე, ან გატარებული უნდა იყოს შემოწირულობად.

"დადატურდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ მათ აქვთ არარეგისტრირებული შტაბი, იმიტომ რომ დოკუმენტებში, რომელიც ჩვენ მოვიძიეთ აუდიტის სამსახურიდან ეს შტაბი დაფიქსირებული არ არის და როცა საუბრობენ ჩვენ აქ მეგობრები და ძმაკაცები ვიკრიბებითო ეგ არის კანონით განსაზღვრული, რომ „ძმაკაცები“ რომ იკრიბებიან და იქ თანამშრომლებს ქირაობენ და საარჩევნოდ რომ მუშაობენ, ამას ჰქვია საარჩევნო შტაბი და უნდა იყოს რეგისტრირებული და უნდა იყოს გატარებული როგორც შემოწირულობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ღირს ფული და მეგობრის სახლიც რომ იყოს, ეს არის არამატერიალური შემოწირულობა, მაგრამ ეს ადასტურებს იმას, რომ მთლიანად საარჩევნო ოპერაციის უდიდესი ნაწილი ივანიშვილის გუნდს აქვს ყოველთვის უკანონო არალეგალური შავი ფულით. ამ ყველაფერს აქვს თავისი სახელი, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მეთოდები საარჩევნო ბრძოლის, რომელიც დემოკრატიას უქმნის საფრთხეს, მაგრამ წამალი არის ამომრჩევლის აქტიურობა და მაშინ შალვა შავგულიძის გამარჯვებას და დემოკრატიის გამარჯვებას ამ ოლქში წინ ვერაფერი დაუდგება," - თქვა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ ასევე თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმართეს პოლიციას და მზად იყვნენ მიეწოდებინათ ინფორმაცია, რათა "კრიმინალური ავტორიტეტების" მონაწილეობამ არ გამოიწვიოს გართულება არჩევნების დღეს ან მანამდე, ბოკერია ამბობს, რომ შსს მათ არ დაკავშირებია. "რაც ასევე ირიბად ადასტურებს იმას, რა ინფორმაციაც ჩვენს გვაქვს, რომ პოლიციასთან კოორდინირებულად ხდება ეს ყველაფერი," - ამბობს ბოკერია. 

4 ივნისს საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველოს - თავისუფალი დემოკრატები" ერთერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, მთაწმინდაზე საარჩევნო გარემო შეაფასა და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლები ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ, აიძულონ შალვა შავგულიძის ამომრჩევლები, ჩამოხსნან საკუთარ სახლებზე დაკიდებული მხარდამჭერი ბანერები. ბოკერია ამბობდა, რომ ქართული ოცნება ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა.

"კერძოდ, ოქროყანაში, 3 წლის წინ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით ციხელაშვილის ოჯახს უკვე მესამე არჩევნებია პირდებიან მის გათავისუფლებას და ითხოვენ ხმების მობილიზებას ლადო კახაძის სასარგებლოდ. ოქროყანაში ქართული ოცნების სახელით ხმების მობილიზებაზე მუშაობს ლევან თოფურიძე, მეტსახელად კალაბოკა. ანალოგიური მდგომარეობაა სოლოლაკში, სადაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ნარკოტიკების გამო დაააკავეს გიორგი მგელაძე, რომლის მეგობრებსაც გათავისუფლების სანაცვლოდ აიძულებენ ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის მოგროვებას და არჩევნებზე მათ მობილიზებას. პირველი ტურის შემდეგ შშმ პირის ოჯახს დაუკავშირდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და გააფრთხილეს - იმ შემთხვევაში, თუ ხმას ლადო კახაძეს მისცემენ მეორე ტურში, მათ შშმ პირ შვილს ჩასვამენ სახელმწიფო პროგრამაში",- აღნიშნა მან. 

გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას. მისი თმით, შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყროსგან აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალების მობილიზება ხდება პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში, კერძოდ, რჩეულიშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების უფროსის, მიხეილ ბარამიძის მონაწილეობით.

სწორედ ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა რევაზ სოხაძემ რომ ძალიან კარგია, თუ ადამიანები, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობენ უბანში ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან.

მისივე თქმით, "ჩვენს კონკურენტებს, მე მგონი, კომპლექსები აქვთ, როდესაც რაღაც ძველი ბიჭების ეშინიათ. ეს ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსია." 

კომენტარები