მეორე ტური მთაწმინდაზე

ვოლსკი: საკრებულოს დეპუტატი პროფესიით მიღწეულ ავტორიტეტს გულისხმობდა და არა კრიმინალურს

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", რევაზ სოხაძე პროფესიულ ავტორიტეტს გულისხმობდა და არა კრიმინალურს.

ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი სოხაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ კარგია, თუ ადამიანები, რომლებიც უბანში ავტორიტეტით სარგებლობენ, ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან. საკრებულოს წევრი ასევე ამბობს, რომ მის კონკურენტებს "ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსები" აქვთ და ძველი ბიჭების ეშინიათ.

გია ვოლსკიმ ტაბულას უთხრა, რომ სოხაძეს არ იცნობს და არც მისი განცხადება უნახავს. ჟურნალისტმა დეპუტატს სოხაძის ციტატა წაუკითხა:

"ძალიან კარგია, თუ ადამიანები, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობენ უბანში და ვისაც აქვს გავლენა, მათ შორის, საკუთარ მეზობლებზე და უბანზე, ე.ი. ის ღირსეული ადამიანია და ძალიან კარგია, თუ ასეთი ადამიანების უმრავლესობა ქართული ოცნების მხარდამჭერია. ამას მივესალმებით ნამდვილად და ეს ჩვენი კონკურენტების პრობლემაა, თუ ისინი ამაში საფრთხეს ხედავენ";

"ჩვენს კონკურენტებს, მე მგონი, კომპლექსები აქვთ, როდესაც რაღაც ძველი ბიჭების ეშინიათ. ეს ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსია".

ციტატის წაკითხვის შემდეგ, ჟურნალისტმა გია ვოლსკის ჰკითხა რა აზრისაა მისი პარტიის წევრის ამ განცხადებაზე. დეპუტატი ამბობს, რომ ეს ტაბულას ინტერპრეტაციაა.

"თუკი ჩვეულებრივი ადამიანი რაღაც გარკვეულ ავტორიტეტს ფლობს მეზობლობაში და ეს ავტორიტეტი შექმნილი აქვს თავისი პროფესიით, თავისი სიბრძნით, დამოკიდებულებით, პატრიოტიზმით ქვეყნის მიმართ, რასაკვირველია ამ ავტორიტეტს გულისხმობდა ის ადამიანი. მისი პასუხი, მე მეჩვენება, რომ არის ინტერპრეტირებული, მით უმეტეს, როცა ჩემთან საუბარი დაიწყეთ, აღნიშნეთ, რომ მისი თქმით, კრიმინალური ავტორიტეტები კარგია თუ ჩართულები არიან, რაც იმ ადამიანს არ უთქვამს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ თქვენი ინტერპრეტაციაც ჩვეულებრივი ამბავია და გსურთ ადამიანი გამოიყვანოთ სულელად. თითქოს შეიძლება ვინმემ გინდ ქართული ოცნებიდან, გინდ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიიდან, ჭკუათმყოფელმა ადამიანმა თქვას, რომ კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობა, საერთოდ კრიმინალური ატმოსფერო არის ნორმალური", - ამბობს დეპუტატი.

ტაბულამ ვოლსკის განუმარტა, რომ რევაზ სოხაძემ ასე სწორედ კრიმინალური ავტორიტეტების არჩევნებში ჩართულობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა რუსთავი 2-თან და არა ზოგადად, მოსახლეობაში ავტორიტეტის მქონე ადამიანებზე. 

"ასეთი რამე იმ ადამიანს არ უთქვამს და თუ მან დაახლოებით მაინც ეჭვი გაგიჩინათ, მაშინ კეთილი ინებეთ და ჰკითხეთ ახლიდან, რომ არ დარჩეს ინტერპრეტაციის საშუალება. ჩემი აზრის შესახებ მკითხეთ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, ვიღაცის ნათქვამზე მე ნუღა დამირეკავთ", - აღნიშნა დეპუტატმა.

ტაბულამ მას ჰკითხა არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტების ჩართულების შესახებ ინფორმაციაზეც, რასაც ვოლსკი არ ადასტურებს.

"კრიმინალური ავტორიტეტები აქ არ მონაწილეობენ, არაფერ შუაში არიან და კრიმინალური ავტორიტეტები არიან ციხეში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტად არის ცნობილია ან ეს მისი "პროფესიაა", ჩვენი კანონმდებლობით ექვემდებარება გასამართლებას და ასეთი დღეს გაცილებით ბევრია, ვიდრე იყო", - თქვა დეპუტატმა.

ცნობისთვის, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ქართული ოცნება არჩევნებში პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ამომრჩევლის დაშინებას ცდილობს. სწორედ ამ ინფორმაციაზე ჰკითხეს ჟურნალისტებმა საკრებულოს წევრ რამაზ სოხაძეს, რომელმაც თქვა, რომ ძალიან კარგია, თუ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ავტორიტეტი და გავლენა უბანზე, ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან. მისივე თქმით, კონკურენტებს ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსი აქვთ და ძველი ბიჭების ეშინიათ.

შუალედური არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე 9 ივნისს გაიმართება. მასში ქართული ოცნების კანდიდატი, ლადო კახაძე და ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ერთობლივი კანდიდატი, შალვა შავგულიძე მონაწილეობენ.

კომენტარები