აშშ-ჩინეთი

პომპეომ ჩინეთის მთავრობას თიანანმენის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა

მაიკ პომპეო
Getty Images

4 ივნისს ჩინეთში თიანანმენის ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ჩინეთის მთავრობას 30 წლის წინანდელი დემოკრატიული მოძრაობის გმირები გაიხსენა და ჩინეთის მთავრობას მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დარბევისთვის პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

"4 ივნისს ჩვენ ვიხსენებთ ჩინელი ხალხის გმირულ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც 1989 წლის 4 ივნისს დასრულდა, როდესაც კომუნისტური პარტიის ბრძანებით თიანანმენის მოედანზე გაგზავნეს ტანკები, რათა ძალადობით ჩაეხშოთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კორუფციის დასრულების მშვიდობიანი აქციები. ასობით ათასი მომიტინგე, რომელიც პეკინში და ჩინეთის სხვა ქალაქებში ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძოდნენ. დაღუპულთა რაოდენობა კვლავ უცნობია. ჩვენ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას იმ ოჯახებისადმი, ვინც გლოვობს თავიანთ დაღუპულს, ასევე გამბედავი თიანანმენის დედების მიმართ, რომლებსაც დიდი რისკის მიუხედავათ არასდროს შეუწყვიტავთ პასუხისმგებლობის ძებნა." - აღნიშნა მან.

პომპეომ აღნიშნა, რომ მას შემდეგ ათწლეულების მანძილზე, აშშ-ს იმედი ჰქონდა, რომ საერთაშორისო სისტემაში ჩინეთის ინტეგრაცია უფრო ღია და ტოლერანტულ საზოგადოებამდე მიგვიყვანდა, თუმცა ეს იმედები უკვე აღარ არსებობს. მან თქვა, რომ ჩინეთის ერთპარტიული სისტემა ვერ იტანს განსხვავებულ აზრს და ადამიანის უფლებებს არღვევს, მაშინ, როდესაც ეს მის ინტერესებს ემსახურება.

"დღეს ჩინეთის მოქალაქეები ახალი სახის ძალადობის წინაშე დგანან, განსაკუთრებით სინძიანგში, სადაც კომუნისტური პარტია ცდილობს უიღურების კულტურისა და ისლამური მრწამსის გაქრობას ერთ მილიონზე მეტი მუსლიმი უმცირესობის წარმომადგენლის დაჭერით." - ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მართალია, პარტია ძლიერ სათვალთვალო სახელმწიფოს აშენებს, თუმცა რიგითი ჩინელი მოქალაქეები აგრძელებენ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას, ორგანიზებას უწევენ დამოუკიდებელ კავშირებს, სამართლებრივი სისტემით აღადგენენ სამართალს და თავიანთ აზრებს გამოხატავენ, რის გამოც ბევრს სჯიან, აპატიმრებენ და აწამებენ.

"ჩვენ მივესალმებით იმ ჩინელ გმირებს, ვინც 30 წლის წინ თიანანმენის მოედანზე იდგნენ და თავიანთ უფლებებს მოითხოვდნენ. მათი სამაგალითო გამბედაობა მომავალი თაობებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა მთელ მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებისთვის, რამდენიმე თვეში ბერლინის კედლის დაცემიდან დაწყებული აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის დასრულებით." - აღნიშნა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩინეთის მთავრობას მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლიან დარბევაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ და ძალადობრივი გზებით ჩინელი მოქალაქეებისთვის თავისუფლების შეზღუდვის დასრულებისკენ მოუწოდა - "ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის მთავრობას, რომ აიღონ სრული, საჯარო პასუხისმგებლობა მათზე ვინც მოკლეს ან დაიკარგა, რათა ისტორიის ამ ბნელ მონაკვეთის მსხვერპლს პატივი მივაგოთ. მსგავსი ნაბიჯი გამოხატავს კომუნისტური პარტიის მზაობას, რომ პატივი სცეს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს გაათავისუფლოს ვინც ამ უფლებებისა და თავისუფლების ძიებისთვის დაიჭირეს, შეწყვიტოს უკანონო დაპატიმრებები და შეწყვიტოს კონტრპროდუქტიული პოლიტიკა, რომელსაც ტერორიზმის წინააღმდეგ რელიგიურ და პოლიტიკურ გამოხატვას უკავშირებენ. ჩინეთის კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ ყველა ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის. ისტორიამ აჩვენა, რომ ერები ძლიერია, როდესაც მთავრობები თავიანთ ხალხს პასუხობენ, პატივს სცემენ კანონის უზენაესობას და იცავენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტალურ თავისუფლებებს."

აღნიშნულ განცხადებაზე აშშ-ში ჩინეთის საელჩომ უკმაყოფილება გამოთქვა. მაიკ პომპეოს კომენტარი "ცრურწმენად და ქედმაღლობად" შეაფასეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ "ჩინეთის ადამიანის უფლებებს საუკეთესო პერიოდი უდგას".

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში თიანანმენის დარბევა ტაბუდადებული თემაა. 2019 წლის 4 ივნისს თიანანმენის ტრაგედიიდან 30 წელი გადის. 1989 წელს პეკინში თიანანმენის მოედანზე სტუდენტებმა პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის ასობით მნიშვნელოვან ქალაქში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

4 ივნისს ჩინეთში ჰონგ-კონგსა და მაკაუში ყოველწლიურად თიანანმენის დარბევის შედეგად დაღუპულებს პატივს მიაგებენ, 1989 წლის ტრაგედიას ყოველწლიურად ტაივანშიც იხსენებენ.

კომენტარები