ხოშტარია: ხორავას ქუჩის საქმეზე შოთაძემ და კიდევ ათმა პირმა უნდა აგონ პასუხი

ევროპული საქართველო ხორავას ქუჩაზე მომხდარის მკვლელობის საქმის გამოძიების არასწორად წარმართვის გამო 11 ადამიანის სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხს აყენებს, მათ შორის არიან მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, საქმეზე მომუშავე პროკურორები და გამომძიებლები და შსს-ს წარმომადგენლები. ხოშტარიას თქმით საქმე იყო შეკერილი და კონკრეტული ინტერესების გამო კონკრეტულ ადამიანებს ხელს აფარებდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ საქმის გამრუდებაზე არიან სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელი პირები. ხოშტარია ასევე აღნიშნავს, რომ ჯგუფურ მკვლელობაში მიხეილ კალანდიას პასუხიმგებლობის გამოკვეთა და მისი დაკავება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. 

"თუ ვინ რაზე არის პასუხისმგებელი, კომისიამ თავის დროზე ძალიან მკაფიოდ დაასაბუთა და ჩამოწერა. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, აქ არის ლაპარაკი 11 ადამიანის სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის შესახებ. მაგალითად გენერალური პროკურორი შოთაძე არა მხოლოდ პოლიტიკურად, სისხლისსამართლებრივადაც არის პასუხისმგებელი, იმიტომ რომ მან იცოდა კონკრეტული გამრუდებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, იცოდა, რომ არ ამოიღეს კალანდიას ტანსაცმელი, იცოდა, რომ არ ამოიღეს მიმოწერა და მან არანაირი მითითება არ მისცა, რომ ეს გაკეთებულიყო. მან ხელი შეუწყო საქმის გამრუდებას. მეორე, მან იცოდა მირზა სუბელიანის ფაქტორის შესახებ, პირველივე დღეს ამ დანაშაულისა და არა თუ არ მოითხოვა მის წინააღმდეგ საგამოძიებო ქმედებები, არამედ ბოლომდე ხელს აფარებდა მას. ასევე, შოთაძემ საზოგადოებას გამიზნულად მოატყუა დანაზე დე-ენ-ემ-ის არარსებობის შესახებ, პირდაპირ მოატყუა საზოგადოებას იმიტომ რომ ის მონაწილეობდა ამ საქმის გამრუდებაში და ეს არის სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხი. მეორე მაგალითი, ზვიად ფხაკაძე, მთავარი მოქმედი პროკურორი, რომელსაც მიჰყავდა ეს საქმე. ეს ადამიანი იყო პირდაპირ წარმოდგენილი გამყალბებელ პროკურორად, რომლის მთავარი ფუნქცია იყო მიხეილ კალანდიაზე ხელის დაფარება. ის კომისიაზე იძახდა, დიახ კალანდია ურტყამდა სარალიძეს, მაგრამ ეს იყო გაშველება. ის ატყუებდა კომისიას და სასამართლოს, რომ თითქოს კალანდია იყო არა ფარდულში, არამედ 9 მეტრის მოშორებით. ეს ადამიანი ცრუ ჩვენებებს იძლეოდა, მათ შორის კომისიის სხდომაზე და ეს ადამიანი არის სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელი ამ საქმის გამრუდებაზე და ეს არის დასაბუთებული კომისიის დასკვნაში," - ამბობს ხოშტარია. 

შოთაძისა და ფხაკაძის გარდა ევროპული საქართველო კიდევ 9 ადამიანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ესენი არიან: 

1. ირაკლი ფიფია - საქმის მწარმოებელი გამომძიებელი

2. კახა სირაძე - შს სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს 1 განყოფილების უფროსი

3. იოსებ სიგუა - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი

4. შალვა ბედოიძე - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი

5. გიორგი გაბოძე - მთავარი პროკურატორის დეპარტამენტის უფროსი

6. მიხეილ შაყულაშვილი - მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი

7. კოსტანტინე სირაძე - თბილისის პროკურორის მოადგილე

8. მალხაზ კაპანაძე - თბილისის პროკურორი

9- გიორგი გაბიტაშვილი - მთავარი პროკურორის მოადგილე.

3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად.

გუშინდელი გადაწყვეტილებით გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გ.ჯ დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის.

გ.ჯ-ს სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გ.ბ-ს - სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ეკა აროშიძის 1 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში კი უდანაშაულოა.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მას მაინც დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.

პროკურატურა ამბობდა, რომ ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, რომ გ.ბ არ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ბრალდების მხარე სააპელაციო სასამარლთოსგან სწორედ გ.ბ-ს დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

საგამოძიებო კომისიამ, რომელიც 2018 წელს ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შეიქმნა, მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორი, მინისტრები, თვითმხილველები, ექსპერტები და საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები გამოკითხა, დაასკვნა, რომ:

გარემოებები მიუთითებს პროკურატურის მოტივაციაზე - მიეჩქმალათ მიხეილ კალანდიას როლი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში და იგი ჩაენაცვლებინათ გ.ბ.-ით, რომელსაც ისედაც უმტკიცდებოდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობა.

ასევე, კომისია წერდა, რომ: 

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საწყის ეტაპზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, ოპერატიულად მოხდა ჩხუბის მონაწილეების იდენტიფიცირება, მაგრამ საქმეში ა.ს.-ს მამის, მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად, იმ განზრახვით, რომ პასუხისმგებლობა მომხდარ მკვლელობებზე დაკისრებოდათ მხოლოდ გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს, ამასთან დაფარულიყო მიხეილ კალანდიას და სხვა ფიგურანტების როლი დავით სარალიძის მკვლელობაში.

ასევე, დასკვნის მიხედვით, აშკარად იკვეთება, რომ საგამოძიებო უწყებები ცდილობდნენ მიეჩქმალათ მირზა სუბელიანის მონაწილეობა დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობასა და მტკიცებულებების განადგურებაში. ასევე, მათ არ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენაში ემხილებინა მიხეილ კალანდია, ა.ს. და სხვა ფიგურანტები.

დარღვევებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ:

გამოძიებამ ხელი დააფარა მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რაც გამოიხატა მიკერძოებულად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში;

გამოძიებამ არ გადაამოწმა დანაშაულში მიხეილ კალანდიას მონაწილეობის ვერსია და, მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობისა, პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში;

გამოძიებამ არ გამოავლინა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოება - მიხეილ კალანდიას მიერ ჩხუბის დროს ე.წ. „ტარის“ ქონა, და დავით სარალიძის წინააღმდეგ მისი გამოყენება.

კომენტარები