თამბაქო

თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატები, შესაძლოა, დღგ-სგან გათავისუფლდეს

0 კომენტარი
ფოტო: 2030

თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატები, შესაძლოა, დღგ-სგან და აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდეს. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, დაუდასტურა. სწორედ ზოიძეა საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ავტორი, რომელიც ბიურომ 3 ივნისის სხდომაზე განიხილა. 

აკაკი ზოიძის თქმით, ამ კანონპროექტის მიზანი თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა, რაც მწეველების რაოდენობის შემცირებას ხელს შეუწყობს. 

"ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აქამდე მსგავსი პროდუქცია საბაჟოს იმავე კოდებში გადიოდა, რაც მაგალითად, ნიკორეტის შემცველი საღეჭი რეზინი და არ გადიოდა ფარმაცევტულ საშუალებებში, რომლებიც თავის მხრივ, დღგ-სგან გათავისუფლებულია. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს იმას, რომ პრეპარატი მაქსიმალურად იაფი და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც თამბაქოსთვის თავის დანებება სურს,"- განმარტავს ზოიძე ტაბულასთან საუბრისას. 

დეპუტატის თქმითვე, ეს კანონპროექტი ყველა კომპანიას შეეხება, რომელიც მსგავს პრეპარატებს აწარმოებს. 

აკაკი ზოიძესთან ერთად კანონპროექტის ინიციატორები ჯანდაცვის კომიტეტის სხვა წევრებიც არიან - დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი მხეიძე, მირიან წიკლაური, კობა ნარჩემასვილი და ილია ნაკაშიძე. 

იმ პრობლემაზე, რომ თამბაქოსთვის თავის დანებების საშუალებები საბაჟოზე ისევე იბეგრებოდა, როგორც ჩვეულებრივი ნიკოტინის შემცველი პროდუქცია, ჯერ კიდვე 1 აპრილს საუბრობდა "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე. ბახტურიძის განცხადებების შემდეგ ტაბულა შეეცადა ფინანსთა სამინისტროს დაკავშირებოდა და მათგან გაეგო, რატომ ხდება ასე, თუმცა არაერთი მცდელობისა, როგორიც არის სატელეფონო ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თუ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმოწერა, უწყებისგან პასუხი ვერ მივიღეთ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები